საქართველოში წლების განმავლობაში დანერგილი მავნე პრაქტიკა დღესაც გრძელდება – არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლების ინიციატივით, საარჩევნო გარემოს „გაუმჯობესების“ მოტივით, იწყება „მწვავე“ დისკუსია, რომელიც, როგორც წესი, აყალიბებს ხელისუფლებისთვის მისაღებ ხელოვნურ ორპოლუსიან და პოლარიზებულ სამოქალაქო სივრცეს. როგორც წესი, ამ დისკუსიების დროს აქცენტი კეთდება ერთ ან ორ საკითხზე (შეიძლება აუცილებელზეც) და ყურადღების მიღმა შეგნებულად რჩება საარჩევნო კანომდებლობის საკვანძო საკითხები, რომელთა გადაწყვეტაზეა დამოკიდებული კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „დაპირისპირების“ საგანი გახდა პროპორციული სისტემის შემოღება არ შემოღების საკითხი. ჯერ შემოთავაზებული იყო სრულიად პროპორციული და 0%-იანი საარჩევნო სისტემა, შემდეგ ეს დაპირება უკან იქნა წაღებული და დღეს ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს შერეულ სისტემას -100/50-ზე.
განხილვის პროცესში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მხოლოდ ორი სუბიექტი მონაწილეობს და ხელისუფლება ისევ აგრძელებს თავის მიერვე გამოცხადებულ „შუაგაკრეფის“ პოლიტიკას, რითაც იქმნის მისთვის სასურველ დიალოგის ფორმატს.
მაღალ ემოციურ ფონზე მიმდინარე დაპირისპირების პროცესი კი ხელისუფლებას და მისგანვე შერჩეული სპარინგ-პარტნიორს საშუალებას აძლევს იგნორირება გაუკეთოს სხვა სუბიექტების განსხვავებულ ხედვას და, საერთოდ, საღ სახელმწიფოებრივ აზრს.
ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს კი გვაძლევს ის გარემოება, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ ხმამაღლა გაკეთებული განცხადებისა, პროცესში ისევ ვერ მონაწილეობს ყველა დაინტერესებული სუბიექტი, ხოლო დისკუსიაში, იმ ფუნდამენტურ თემებზე, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროში არჩევნების ჩატარების საფუძვლად ითვლება, საერთოდ არ იმართება.
დემოკრატიული სამყარო შეთანხმდა, რომ ზუსტად თუ არ აისახა საზოგადოების პოლიტიკური განწყობები არჩევნებში მიღებულ ხმებში, წინააღმდეგობა ქუჩაში გადაინაცვლებს, ქვეყანა ქაოსში ჩაეფლობა და მისი განვითარება შეუძლებელი გახდება.
მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სხვადასხვა მანიპულაციების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებში, ოპონენტი შეიძლება კი დაამარცხო, მაგრამ ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემები ამით არ გვარდება. და ხშირად მსგავსი „გამარჯვება“ დიდი დამარცხების საწინდარი ხდება.
„სახალხო პარტია“ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას ვითხოვდით მაშინაც, როდესაც დღევანდელი „აღშფოთებულები“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით აფერეხებდნენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას.
მაგრამ, მაშინაც და დღესაც, მივიჩნევთ, რომ როგორც საზოგადოდ მიღებულია და რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვირჩევენ, არჩევნების დემოკრატიული ჩატარებისთვის გადამწყვეტია არა საარჩევნო სისტემა, არამედ ერთნაირი და თანაბარი სასტარტო პირობების უზრუნველყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის და მაჟორიტარებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შესაბამისად, მთავარია, რადიკალურად შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და ამის შემდეგ პარალელურ რეჟიმში ვიმსჯელოთ თუ როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები.
კერძოდ, კი
საქართველოში კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული არჩევნებს მმართველი პარტიები ატარებენ (ბოლო პერიოდში – თავისი სატელიტებითა და „სპარინგ პარტნიორებით“) და არა არჩევნებისთვის ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტები.
წინა რეჟიმის მიერ მიღებული და „ოცნებისგან“ სრულად გაზიარებული არსებული საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ყველა დონის კომისიის დაკომპლექტების პრინციპი ცალსახად არადემოკრატიულია და ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის დიდ სასტარტო უპირატესობას იძლევა სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით. ასეთი დიდი უპირატესობა ხდება მმართველ პარტიაზე მაჟორიტართა მიბმის საფუძველი.
დამკვიდრებული ფორმულა (ცსკ-ოს 6 წევრი პარტიებიდან, სადაც 3 ოფიციალურად ოცნებისაა (დანარჩენ 3-ზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა) და 6 – ფორმალურად ნეიტრალური, რეალურად მოქმედი ადმინისტაციის მუშაკები ან მათი ოჯახის წევრები) ხელისუფლებას დომინანტის როლს უნარჩუნებს თავისი კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის.
აქედან გამომდინარე, წინასწარვეა ცნობილი რა შედეგით დამთავრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმების, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნის, სარჩელების განხილვის და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის და ა.შ შესახებ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო სიების დაზუსტება და ამომრჩეველთა რეალური ოდენობის დადგენა, რაც „ოცნებისთვის“ 2012 წლის არჩევნებზე მთავარ თემას წარმოადგენდა. აუცილებელი აღიკვეთოს ამომრჩეველთა სიით მანიპულირება, ქვეყნიდან გასული (განსაკუთრებულად არალეგალურად) მოქალაქეთა ერთიან სიაში შერევა, ბინებზე „ამომრჩეველთა“ უკანონო მიწერები, სიის დალაგება არა ალფავიტის არამედ ბინებში მაცხოვრებლების მიხედვით და ა.შ და ა.შ.
არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლება შეუძლებელი ხდება თუ არ იქნა მოგვარებული მუდმივი პრობლემა – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მკაცრი შემზღუდავი ნორმების არარსებობა.
საარჩევნო კოდექსისა თუ პარტიების შესახებ კანონის თეთრი ლაქაა ხმების დათვლისა და საარჩევნო დაფინანსების გამჭვირვალეობა და კონტროლი; საეთერო და სააგიტაციო დროის თანაბრად გამოყენება; სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ მედიის წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საკითხი და სხვა. ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს დავების საარჩევნო კომისიებში თუ სასამართლო წესით განხილვა.
გარდა ამისა კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომ დღის წესრიგიდან გაქრეს „ტექნიკური“ კანდიდატები“ ანუ „ძირითადი“ მოთამაშების სატელიტი პარტიების მიერ „კვალიფიციური სუბიექტის“ სტატუსის მიღების შესაძლებლობა. რაც ავტომატურად გამოიწვევს მათთვის ამ სტატუსიდან გამომდინარე პრივილეგიების, სახელმწიფო დაფინანსების და მედიაზე წვდომის, გაუქმებას.
ზემოთნათქვამის გარდა არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით.
მივმართავთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების გარეშე უმრავლესობაში დარჩენის მცდელობა, დამღუპველი იქნება როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისათვის. ამასთანავე საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები და საქართველო – დასავლეთის პარტნიორობა.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა დარჩენილი საარჩევნო სისტემის კონსტიტუციური გზით შესაცვლელად, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები და ავარიდოთ ქვეყანა გარდაუვალ, უკიდურესად მძაფრ პოლიტიკურ კრიზისს.
თავის მხრივ, „სახალხო პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ზემოთ გამოთქმულ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებელ ძირეულ ცვლილებებზე გამართულ დისკუსიაში.
“სახალხო პარტია” მამუკა გიორგაძე 24.02.2020
“სახალხო პარტია” – რეალური არჩევნებისთვის
March 2nd, 2020 shalva chkhaidze