სახალხო პარტიის განცხადება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით

gerbi

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე აქტუალობას არ კარგავს და სხვადასხვა დროს ჩვენი საზოგადოების მიერ მეტ-ნაკლები პოლიტიკური სიმწვავით განხილვის საგანი ხდება.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად დაგვანახა, რომ ანაკლიის პორტის ირგვლივ, ხელოვნურად შექმნილმა  აჟიოტაჟმა, ის ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ ხაზად აქცია, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოების  მთელ რიგ ასპექტებს.

საჯარო სივრცეში დეკლარირების დონეზე, პროექტის განხორციელებას  მხარს უჭერს, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე,  ოპოზიციური და სამოქალაქო სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა. იდეა ჩვენი სტარტეგიული პარტნიორი  ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც მოწონებულია, იმ დათქმით, რომ ამ პროექტში სრულიად გაანალიზებული იქნება რუსული ან  ჩინური კაპიტალის მოზიდვის საფრთხეები.

მიუხედავად საერთო მხარდაჭერისა, პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშაა და ჩვენი აზრით, ეს დიდ წილად განპირობებულია  ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩართული ადგილობრივი აქტორების პიროვნული ინტერესების შეუთავსებლობით.

ყველაფერი ეს კი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წისქვილზე ასხამს წყალს, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სტრატეგიული პროექტის განხორციელება საქართველოში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად მრავალი გავრცელებული მოსაზრებისა, ჩვენთვის, ისე როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისათვის, დღემდე მაინც ბუნდოვანი რჩება პასუხი კითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს ანაკლიის ახალი პორტის მშენებლობას იმ ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევების პირობებში, რომლებიც შესაძლოა, ამ პროექტის მიზეზიც იყოს და შედეგიც.

ანაკლიის პორტის მშენებლობა, მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, არის  ახალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც იმოქმედებს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, როგორც აწყმოში ისე მომავალში. ეს არ არის ერთი რიგითი საკითხი, ის ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ის ეხება საქართველოს სახელმწიფოს სწორი განვითარების  პერსპექტივას, ისტორიულად ხილულ პერიოდში.

აქედან გამომდინარე, „სახალხო პარტია“ მოითხოვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია ამ პროექტის სტრატეგიული თუ ეკონომიკური ასპექტების შესახებ. მიაწოდოს მოქალაქეებს მაქსიმალურად ღია და მკაფიო ინფორმაცია პროექტის განხორციელების პოლიტიკური და ეკონომიკური სიკეთეების თუ საფრთხეების შესახებ.

ამავდროულად, წარმოადგინოს საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, პორტის მშენებლობისა და მასთან მიბმული პროექტების  განხორციელების კონკრეტული გეგმა.

პოზიციების მკაფიო დაფიქსირებისა და მისი გაანალიზების შემდეგ, ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა გახდეს საერთო სახალხო საქმე.

ასეთ შემთხვევაში, „სახალხო პარტია“ გამოდის ინიციატივით, რომ ეს პროექტი გახდეს მართლაც სახალხო და საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღიოს მის განხორციელებაში, აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობაზე და პირდაპირი გაგებით ისარგებლოს ამ პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული ეკონომიკური სიკეთეებით და აიღოს პასუხისმგებლობა მის რეალიზაციაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისფლებას გახადოს პროექტის დაფინანსების პროცესი ღია და გამჭირვალე, მისცეს უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს მიიღოს ამ პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა.

ჩვენი მოთხოვნაა გამოშვებული იქნეს ანაკლიის პორტის აქციები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩვენის მხრივ, სახალხო პარტიის  წევრები, მზად ვართ შევიძინოთ ანაკლიის პორტის მოკრძალებული ღირებულების აქციები.

საქართველო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა და ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი საკუთრების, როგორც განკარგვის ისე ამ განკარგვით მიღებული სიკეთეებით სარგებლობის უფლება და ეს უფლება არ უნდა ქონდეთ მხოლოდ ერთეულ და „პრივილიგირებულ“ პირებს.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები (ასე იწყება საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი) ავაშენებთ ანაკლიას!

სახალხო პარტია  7 ოქტომბერი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress