ნოე ცინცაძე – ივერია #20 11 1978 პარიზი – მიხეილ ქავთარაძე

ნოე ცინცაძე

ოცდაცხრა სექტემბერს ლევილის სასაფლაოზე სასაფლაოზე დაიკრძალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში გარდაცვლილი ნოე ცინცაძე. განსვენებული, განათლებით ფიზიკოს _ მათემატიკოსი იყო. დამოუკიდებლობის ხანაში მას განათლების მინისტრის თანაშემწის თანამდებობა ჰქონდა. ახალგაზრდა სემინარისტობის დროიდან სოციალისტურ მოძრაობაში ჩართულმა, მან თავის თანამოაზრეთა მსგავსი ცხოვრება განვლო.
ემიგრაციაში ნოე ცინცაძე 1922 წლის დასაწყისში, გერმანიაში გადასახლებულ სამოც კაციან ჯგუფთან ერთად მოხვდა. რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში იგი, მთავრობის წრეების პოლიტიკური მოღვაწეობისაგან, განცალკევებით იდგა. ნოე ცინცაძე წერეთლის ჯგუფთან უფრო იყო დაკავშირებული. ეგრეთწოდებული ,,პარიზის ბლოკის” დაარსებიდან იწყება, მისი, საკუთრივ ემიგრაციის ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიური ჩართვა. იგი ფრიად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ,,რადიო თავისუფლების” საქმიანობაში და ამ დროიდანვე იწყება მისი როლის გაზრდაც ქართულ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ე. გეგეჭკორის გარდაცვალების შემდეგ.
ნოე ცინცაძე ფრიად თავისებური პიროვნება იყო. იგი მისი თაობის ქართულ ემიგრანტულ საზოგადოებაში პიროვნებათგანაც ძლიერ განსხვავდებოდა. ნოე ცინცაძე სოც. დემ. წრეებში, მემარცხენედ ითვლებოდა. ეს დაღი მას იქნებ იმიტომ აჩნდა, რომ ის ჭაბუკობის ხანაში მიხა ცხაკაიას ადეპტი ყოფილა და თუმცა შემდგომ მოწაფე მასწავლებელს არ გაჰყოლია, მაგრამ ერთჯერ მიღებულ რწმენას თავი ვეღარასდროს დააღწია მთლიანად. იქნებ ნაწილობრივად მაინც, აქედან გამომდინარეობს ,,კოსმოპოლიტიზმი” მიდრეკილება, რომელიც თითქოს მას ახასიათებდა. ის თითქო ,,ვერ” ეტეოდა ქართულ ჩარჩოში, რომელიც მას ,,ვიწროდ” ეჩვენებოდა და მისი ,,ინტელექტუალობის” პარტნიორებს უცხოელებს შორის ეძებდა, რომელთაც რუსებსა და რუს ებრაელთა შორის პოულობდა. მას მიაჩნდა, რომ ამ წრეში მისი იდეები უფრო შესაფერ ჩარჩოში იშლებოდა და მათთვის ღირსეულ დაფასებას იმსახურებდა.
ძლიერი პერსონალობის მქონე ნოე ცინცაძე, ჩვენს სოც. დემოკრატებს შორის, გამორჩეულად კულტურული, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, აშკარად გულით დაუახლოვდა მისი სამშობლო ქვეყნის ტკივილებს, მაგრამ ეს ,,ახლად შობა” ოთხმოც წელს გადაცილებულ კაცში დაიწყო.
მისი სახით ჩვენ გაგვშორდა, საქართველოს მოკლევადიან დამოუკიდებლობის ხანაში, საპასუხისმგებლო პოსტის მქონე პოლიტიკურ მოღვაწეთა უკანასკნელი წარმომადგენელი.
ნოე ცინცაძემ ხანგძლივი სიცოცხლის განმავლობაში თავისი ქვეყნისათვის იღვაწა, ისე როგორც ეს მას ესმოდა. ღმერთმა შენდობა მისცეს. ჩვენც კეთილად მოვიხსენიებდეთ.
მ. _ ქ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress