სიტყვა 19 მარტის საჯარო კრებაზე – მიხეილ ქავთარაძე. ივერია #14 1971 პარიზი

gerbi axali 1

ნახევარმა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც უხეშმა მტერმა ქართული ნორჩი სახელმწიფო დაამხო და ჩვენი, იმედით სავსე მომავალი, რომელსაც მთელი ქართველობა სიყვარულით და ზრუნვით აშენებდა, მონობის შავი დღეებით შეგვიცვალა.

და ეს შავი თარიღი, იმავე მტრის კარნახით, ეროვნულ საზეიმო დღეთ არის მიჩნეული.

ქართველი მხედრობის დამარცხებას რუსული წითელი არმიის მიერ, ჩვენი ეროვნული დროშის დაფლეთას, და ერის საუკეთესო შვილების ამოწყვეტის დაწყებას, საქართველოს გაბედნიერების დღეს არქმევენ და იმ ქვეყნის ხალხი ვინც ეს უბედურება თავს დაგვატეხა, თურმე არა მარტო ჩვენი უფროსი ძმები არიან არამედ ჩვენი მასწავლებლები და კეთილისმყოფელნი ყოფილან რომელთა მიმართ ქართველები მადლიერების გრძნობით უნდა აღივსნენ თურმე.

ამ გარემოებისა გამო დღევანდელი ჩვენი შეკრებილობა, რომელიც უპირველესაც ყოვლისა საპროტესტო ხმის ამოღება არის და ჩვენ შელახულ უფლებათა მოთხოვნას წარმოადგენს, აგრეთვე გლოვის ნიშნის ქვეშ ტარდება.

თებერვალი ზეიმის კი არა გლოვის თარიღია. მხოლოდ ეს გლოვა სრულიადაც არ არის გლოვა მიცვალებულისა, არამედ არის გლოვა განცდილის მარცხისა გამო. ხოლო საქართველო თებერვალში არ მომკვდარა.

ჩვენს გამძლე და ამოუწურავ მხნეობის ერს რუსებზე უფრო ძლიერი და საშინელი მტრები მოუნელებია, დრომდე მოუთმენია და, უძლეველად მიჩნეული მტერი საფლავამდე მიუცილებია. რის შემდეგაც დაქცეული სახელმწიფო და ქვეყანა კვლავ აღუდგენია.

ამას მოწმობს არა მარტო ჩვენი ისტორია, არამედ ხალხური სიბრძნეც ფოლკლორში გამოხატული: ჩვენი შეუდარებელი ხალხური სიმღერა „მუმლი მუხასა“.

მაგრამ მარტო წარსულზე დაყრდნობა და ფოლკლორული რომანტიკა არ კმარა. ყოველი ცოცხალი ორგანიზმის უპირველესი ბუნებრივი სწრაფვა საკუთარ სახეობის შენარჩუნებაა. ხოლო ერისათვის სახის შენარჩუნება თავისუფლებას გულისხმობს. თუ ერს სიკვდილი არ სურს მან განუწყვეტლივ თავის უფლებისათვის უნდა იბრძოლოს და ამ ბრძოლის დროს დაუშვებელია პესიმიზმი, ხელის ჩაქნევა ან შერიგება. განა რუსთაველი არ გვეუბნება? სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა! – ამ აფორიზმში გონიერება ოპტიმიზმის სინონიმია და ჩვენც ამ ოპტიმიზმით უნდა ვიაროთ და თავი მაღლა გვეჭიროს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა.

და არა მარტო სიმართლეა ჩვენს მხარეზე, არამედ სხვა საბუთებიც გვაქვს გამამხნევებელი.

დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ არც ერეკლეს ხმალი და არც დავით აღმაშენებლის ყივჩაყები არას გვარგებენ. დღეს პირველი მნიშვნელობა ადამიანურ მასალის კულტურულ და ტექნიკურ სიმაღლეს, კადრების და სპეციალისტების სიმრავლეს, ხალხის მასსიურად მეცნიერებასთან ზიარებას ენიჭება; და სწორედ ამ დარგში, ჩვენი ერის ძლიერ კულტურულ ხერხემლისა და მაღალი ნიჭირების წყალობით და ჩვენი ერის ღირსეული შვილების ქართველ მეცნიერთა, პედაგოგთა და საერთოდ მოწინავე ინტელიგენციის უმაგალითო ღვაწლის მადლით, მსოფლიოს უპირველეს ხალხთა გვერდით ვდგევართ.

რომელ ჩვენთაგანს არ განუცდია უდიდესი კმაყოფილება ჩვენი ქვეყნის ახალი თაობის წარმომადგენელთა ამ სიცოცხლით და ენერგიით სავსე ახალგაზრდათა ხილვისას რომელთაც ჩვენ, უმეტესად მოცეკვავეთა და მომღერალთა სახით, ზოგჯერ ახალგაზრდა მეცნიერთა სახითაც აქ ჩამოსულებს ვხედავთ.

განა ეს უტყუარი საწინდარი არ არის ჩვენი ქვეყნის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობისა დუხჭირ პირობათა მიუხედავად.

მათ დანახვაზე ვის არ უფიქრია გულის სიღრმეში: კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!

ჩვენი უპირველესი ძალა, სიმდიდრე და იმედი ჩვენივე ხალხის გონებრივ-ფიზიკურ ჯანსაღობაში და თანამედროვე ცხოვრებისათვის შესაფერის ცოდნით აღჭურვაში მდგომარეობს.

გულს ნუ გაგვიტეხს დღევანდელი ჩვენთვის არა ხელსაყრელი სართაშორისო კონიუნკტურა და მუდამ გვახსოვდეს ილიას მიერ იდეალად დასახული თვისება: „სილბო გვქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა“-ო. ამ გამოთქმაში სილბო ნაქსოვისა ტაქტიკურ მოქნილობას გულისხმობს, რომლის დროსაც არა მარტო დასაშვები, არამედ საჭიროც არის დრო და დრო დათმობა და მოჩვენებითი შერიგება, მაგრამ ყოველივე ამას თან უნდა ახლდეს სიმტკიცე ნაჭედისა რაც ჩვენს უმთავრეს და დაუთმობელ მიზან-მოთხოვნილებას შეეხება. ე.ი. დაუღალავი სწრაფვა თავისუფლებისაკენ ჩვენი სუვერენობისაკენ.

თუ რომაელებმა მრავალათეულ წელთა განმავლობაში იმეორეს, კართაგენი უნდა დაინგრეს-ო, ჩვენც ნუ დაგვღლის წელთა განმავლობაში ვიძახოთ, საქართველო უნდა აღსდგეს-ო.

ზოგსა ჰგონია, მარტო სიტყვით რა გამოვაო. მცდარი მიდგომაა. უპირველესად იყო სიტყვა იგი ყოველივეს დასაწყისია იგი ნება-სურვილის გამოსახვაა. სიტყვის დროს სიტყვაა საჭირო.

ყოველ შემთხვევისას სადაც კი ხმა მიგვიწვდება ჩვენი ერის უფლება უნდა დავიცვათ, მისი სამართლიანი მოთხოვნილება ვამცნოთ მსოფლიოს და იგი დავიწყებას არ მივცეთ.

ამგვარად ჩვენ გახიზნულ ქართველებს, რომელთაც თავისუფალი სიტყვის თქმის საშუალება გვაქვა, ჩვენი მოვალეობა მოხდილი გვექნება. დანარჩენს დრო მოიტანს, ხოლო დროის სიგრძისა საქართველოს არ ეშინია.

გავიხსენოთ კოტე მაყაშვილის სიტყვები საქართველოს რომ ამეტყველებს.

„იქ სადაც ღმერთები იშვნენ იქიდან მოვდივარ მე და სავალი ბევრი მაქვს კიდევ“-ო. თუ პრეისტორიაში დაკარგულ ჩვენ საწყისთან შედარებით კიდევ ბევრი სავალი გვაქვს, რას გვაქნევს დღევანდელი მტრის ძლიერება.

შევაბრუნოთ როსტევანის ცნობილი ჩივილი და იმედიანად ვსთქვათ:

რა არის ჩვენთვის დღევანდელი სიბნელე თუ კი ვიცით, რომ მომავალი უეჭველად ბრწყინვალე და ნათელია.

მიხეილ  ქავთარაძე.

*  *  *

საქართველოს დაპყრობის 50 წლისთავის გამო, ამ სამგლოვიარო დღის აღსანიშნავად, 19 მარტს პარიზში, პლეიელის დარბაზში, გაიმართა ქართული კოლონიის საჯარო კრება, რომელსაც მთელი პარიზელი ქართველობა დაესწრო.

მოხსენებით და სიტყვებით გამოვიდნენ: კოლონიის თავმჯდომარე ბ-ნი ლევან ზურაბიშვილი, კოლონელი ნიკოლოზ თოხაძე, საქართველოს ყოფილი მინისტრი ბ-ნი ნოე ცინცაძე, ბ-ნი პავლე სარჯველაძე, ბ-ნი მიხეილ ქავთარაძე და ბ-ნი ნუგზარ შარია; ბ-მა გიორგი ყიფიანმა წაიკითხა საკუთარი შაირი.

რადგან კრებას მრავალი ფრანგი დაესწრო, კოლონელ თოხაძის სიტყვა, რომელიც 1921 წლის ბრძოლის მოგონებებს შეიცავდა და სხვა სიტყვათა მნიშვნელოვანი ადგილები ფრანგულადაც იქმნა წაკითხული.

კრების მიერ ერთხმად და ერთსულოვნურ გადაწყვეტილებით გამოტანილ იქმნა რეზოლუცია რომელიც მთელ მსოფლიოს მოაგონებს საქართველოს დღევანდელ უფლება აყრილ მდგომარეობას და აცხადებს, რომ უცხოეთში მყოფი ქართველობა, როგორც საქართველოს პორტპაროლი, კვლავ შეურყევლად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებათა სღდგენის მოთხოვნას.

კრების დასასრულს მომღერალ გუნდთან ერთად მთელმა დარბაზმა განსაკუთრებულ ენთუზიაზმით შეასრულა ჩვენი ეროვნული ჰიმნი „დიდება“.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress