მამუკა გიორგაძე: ამ ჩანაწერების გავრცელების მერე, საბოლოოდ გაიყო ეროვნული მოძრაობა!

mamuka

„სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე „რეპორტიორთან” საუბრისას მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალას -  „ღირსების სასამართლოს” საკითხს გამოეხმაურა. გიორგაძეგანმარტავს – რას ასახავს რეალურად აღნიშნული კადრები და რა იყო მისი წინაპირობა.

„ეს იყო შიდა მოხმარებისთვის გადაღებული ფირი.  შეხვედრა უკავშირდება  1988 წლის აქციას, რომლის თაობაზეც მწირი ინფორმაცია აქვს ახალგაზრდობას.

 ამ დროს საზოგადოება დგას არჩევანის წინაშე – ერთი მხრივ არის ეროვნული მოძრაობა, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით და მეორე მხრივ დგას საბჭოთა ხელისუფლება,  რომელიც აკონტროლებს სიტუაციას. ამ დროს საქართველოს სახელმწიფო  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაურია, კაცი, რომლის სახელიც თავზარს სცემდა მთელ საბჭოთა კავშირში დისიდენტებს. არის ეს ორი ძალა, ფაქტობრივად, ინიციატივას არავინ იღებს, ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილი, რეპრესიებში გადაზარდოს  საქმიანობა, ჩვენც ვერ ვიღებთ ბევრ  რამეს ჩვენს თავზე და ამ დროს მოხდა გარღვევა – თბილისში დაიწყო ძალიან „თავხედური” აქცია. 62 ადამიანი დაჯდა საშიმშილოდ და  ხელისუფლებას  გამოუცხადა, ჩამოყალიბდით – ან წადით რეპრესიების გზით და თუ დემოკრატიის გზით აპირებთ წასვლას, მაშინ კეთილი ინებეთ და საქართველოს კონსტუტუციაში რომ შეგაქვთ ცვლილება, რომლის მიხედითაც საქართველოს არ ექნება საბჭოთა კავშირიდან თავისუფლად გამოსვლის საშუალება, აი ამაზე თქვით უარი. ეს იყო აქციის შინაარსი. ჩაიარა უმძიმესმა სამმა დღემ. მეორე მხარესაც ძალიან ნიჭიერი ხალხი იყო, კრეატიული აზროვნებით – როგორია, ერთი მხრივ ეჭიდავე თბილისის პოლიციაში რომან გვენცაძეს და მეორე მხრივ ცეკას იდეოლოგიურ მდივანს  ნუგზარ ფოფხაძეს. არ იყო მარტივი, მით უმეტეს, როცა მათ უკან იდგა ალექსი ინაური მთელი თავისი აპარატით. დაძაბულობა გაგრძელდა სამი დღის განმავლობაში და ამ სამი დღის მერე, ხელსუფლების მხრიდან, უცებ მოიხსნა დაპირისპირება. ჩვენ ვერ გავიგეთ, რა მოხდა, როგორ, მაგრამ მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი გამარჯვება და აქცია დასრულდა 29 ნოემბერს, როგორც გამოცხადებული გვქონდა  – წარმატებით. შედეგს მივაღწიეთ და  ის საკითხი, რაზეც ვედავებოდით ხელისუფლებას, ამოღებულ იქნა კონსტიტუციიდან.

 29 ნოემბერს ყველა პოლიტიკური ძალა ვიყავით ერთად, ხელისუფლება არ იყო აგრესიული და ჩვენ შევთანხმდით, რომ 29 ნოემბერი გამოგვეცხადებინა ეროვნული თანხმობის დღედ, იმიტომ, რომ ამ დღეს ყველა ვიყავით ერთად. კომუნისტურმა რეჟიმმა დაინახა, რომ  ინიციატივა ჩვენს ხელთაა, რაც მათ არ აწყობდათ. ალექსი ინაური გადადგა. ამით, ფაქტობრივად დასრულდა საქართველოს ისტორიის ერთი ეტაპი.

 მინდა ვისაუბრო ასევე უწმინდესის ფაქტორზე 1988 წლის 29 ნოემბრის აქციაზე. როცა მან თავის რეზიდენციასთან დაინახა მძიმე ტექნიკა, მოვიდა და 2 საათის განმავლობაში იდგა ჩემსა და გია ჭანტურიას შორის, ჩვენ მისი სულიერი შვილები ვართ. მას არ მიუმართავს აქციის მონაწილეებისთვის, თუმცა მისი აქციაზე გამოჩენა იყო გარდამტეხი. მისი მოსვლის შემდეგ ვერავინ ვერაფერი ვერ გაბედა და  სწორედ პატრიარქი იყო ჩვენი ერთიანობის გარანტი. ამ დღეს პატრიარქმა თავისი ავტორიტეტი გამოიტანა და დააყენა ეჭვქვეშ, ოღონდაც გამოსავალი მოძებნილიყო.

 მერე იყო ქუთაისის აქცია, მერე ბათუმის აქცია, რომლებიც წარმატებით სრულდებოდა. ამ დროს ხელისუფლება ემზადებოდა კონტრღონისძიებისათვის, ფიქრობდნენ, როგორ მოეხერხებინათ ინიციატივააღებული ეროვნული მოძრაობის შეჩერება. ძალისმიერ მომენტებს ვერ გამოიყენებდა. ასეთ ვითარებაში მოიძებნა მექანიზმი, რომ როგორმე მოეხდინათ ეროვნული მოძრაობის იდეის დისკრედიტაცია და ამ ჩანაწერის ფრაგმენტები იქნა გაშვებული.  აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცეკაშიც იყვნენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ – ნუ გაუშვებთ ამ ჩანაწერებს, მარტო ერთჯერად შედეგს მოგიტანთო. მაგრამ მაინც აჩვენეს ჩანაწერები ტელევიზიით. 

 ამ ჩანაწერების გავრცელების მერე, საბოლოოდ გაიყო ეროვნული მოძრაობა, უკვე დადასტურებულიც იყო, რომ ამ მოძრაობის ერთი ნაწილი თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, ეს არ ეხებოდა თამრიკო ჩხეიძეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, ვერასდროს ვერ ვიფიქრებ, რომ მან თუნდაც გაუცნობიერებლად ითანამშრომლა ხელისუფლებასთან.

 ეს ყველაფერი არის ჩვენი ისტორია, რომლიც საჭიროებს ახსნას, ანალიზს…”- განმარტავსგიორგაძე.

14 აპრილი, 2015. 03:40 ” რეპორტიორი”
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress