გიორგი ჟურული – ქართველი ერი, როგორც მშენებელი. პარიზი 1933

giorgi Juruli

(ეკონომიური ეტიუდი).

ეკონომიურს მეცნიერებაში სახალხო მეურნეობის ვითარების და სინამდვილის გამოსარკვევად, სულ პირველად იხმარებოდა ე.წ. სტატისტიკური მიდგომა მოვლენათა გაცნობიერებისათვის. შემდეგ პერიოდებში კვლევა-ძიების საგნის, ობიექტის, უფრო სრულად დასურათებისათვის იწყეს ანკეტების მოხდენა და ადგილობრივი დაკითხვები; ყველა ეს მოთავდა ცალკე მონოგრაფიების შედგენით, რომლის საშუალებით ხდებოდა უფრო ღრმა შეფასება ეკონომიურ თუ სოციალურ მოვლენათა. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ სამს მეთოდზედ იყო დამყარებული ერის თუ სახელმწიფოს ეკონომიური მდგომარეობის გაშუქება. შემდეგს ეპოქაში, როცა საზოგადოების განვითარება და მისი მოთხოვნილება უფრო მარალ საფეხურზედ ავიდა და მასთან ერთად აიწია ხალხის კულტურული დონე, ჩნდება მთელი რიგი ინსტიტუტებისა, სადაც წინანდელ მეთოდების მოხმარებასთან ერთად, სწარმოებს უფრო ღრმა მეცნიერულის თვალსაზრისით შეფასება სამეურნეო მოვლენათა, მათი ურთი-ერთ შორის დამოკიდებულების გამოცნობით შემჩნეულ ცვლილებების აღწერა-აღნუსხვით, შეფასებით და სხვა… ეს ინსტიტუტები, ამ ჟამად, ნამდვილ მეცნიერულ ლაბორატორიებათ გარდაიქმნენ; მათ ჩვენ ვიხილავთ, როგორც აქ, პარიზში, ესევე გერმანიაში, ინგლისში და ამერიკის შტატებში.

არ უნდა მტკიცება მას, რომ ჩვენ, ქართველები ჯერ კიდევ ძალიან შორსა ვართ, რომ სწორეთ ამნაირის საშუალებით და მეთოდებით გავერკვიოთ ჩვენი ქვეყნისა და ერის ეკონომიურს სინამდვილეში. ამ სფეროში ჩვენ კიდევ პირველ-ყოფილის მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორც საჭირო მასალების ნაკლუვნელობით, ისევე იმ მეთოდების სიმარტივით, რომლის საშუალებით ხდება აღნუსხვა, დალაგება, შეფასება და შეგნება საქართველოს ეკონომიური მდგომარეობისა. ჩვენ კვლევა-ძიებებში, იძულებულნი ვართ დავემყაროთ მხოლოდ სტატისტიკურს მეთოდს, ვინაიდგან ჩვენში არამც თუ არ არსებობს ყურადღების ღირსი მონოგრაფიები, არამედ ანკეტები და ადგილობრივი დაკითხვებიც-კი არა გვაქვს თითქმის. აქვე უნდა ითქვას, რომ თვით ის სტატისტიკური მასალა, რომელიც ხელთა გვაქვს, ძალიან შორს არის სისრულეზედ. დაგროვილნი `ცარიზმის~ დროს, მათი მთავარი შემკრებნი, მეტ წილად, სოფლის სულ პატარა მოხელენი ან `სტრაჟნიკები~ იყვნენ. ბოლშევიკების ხანაში-კი, ხშირად, სტატისტიკა წარმოადგენს ხელოვნურად აკინძულ მასალას, საიდანაც ჩვენ მას კი ვერ დავინახავთ, რაც ნამდვილად არსებობს, არამედ მას, რაც ბოლშევიკებსა სურთ. ამიტომ, ჩვენ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ცდა, არსებულის სტატისტიკურის მასალების საშუალებით, გამოვიცნოთ ნამდვილი ვითარება ჩვენი სამშობლოს ეკონომიური მდგომარეობისა, არის ერთგვარი მიახლოვება იმისადმი რაც სინამდვილეშია მოცემული. ამ მხრივ გაცილებით უკეთეს პირობებში იყო ჩაყენებული შიდა რუსეთის ეკონომიკის გამოკვლევა. იქ არსებობდა საკმაოდ კარგად მოწყობილი ერთობათა სტატისტიკა, რომელმაც მიუხედავად მთავრობის მიერ შევიწროებისა, მაინც მოახერხა დიდი და საყურადღებო მასალის დაგროვება.

რუსეთის მთავრობის მიერ საერობო დაწესებულებანი არ იყო ჩვენში დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ სამოციანი წლებიდან დაწყებული, სულ ბოლომდე, საქართველოს სათავად-აზნაურო ყრილობანი დაჟინებით მოითხოვენ მათ შემოღებას. ერობის მაგიერ, რუსეთის მთავრობამ, მეოთხმოცე წლებში, ჩვენში `ერობის სტრაჟა~ შემოიტანა, `ზემსკაია სტრაჟა~, ე.ი. სახელმწიფო პოლიცია და ქართველების, თითქოს, ცხვირში ამოსაკრავად, როგორ გაბედეთ და საერობო დაწესებულებანი მოინდომეთო, ხარჯი `სტრაჟის~ შესანახად, რუსის სახელმწიფოს ხაზინამ კი არ მიიღო თავის-თავზე, არამედ ქართველ ხალხსავე დააკისრა… და აი ამ `სტრაჟის~ ურიადნიკ-იასაულები და მათთან სოფლის მწერალნი და გზირები იყვნენ, უმთავრესად, სტატისტიკური მასალების შემკრებნი. ამნაირს ყოფაში წარმოსადგენია ის სიძნელენი, რომელიც წინ უდევს სვინდისიერ მკვლევარს…
_____ : _____
შევეცადოთ, მაგალითად, ციფრებით გამოვხატოთY ის სივრცე, რომელიც საქართველოს რესპუბლიკას უჭირავს. ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ 1921 წლამდე, საქართველოს ტერიტორია შეიცავდა 76.300 კვ. კილომ._66.359 კვ. ვერსტს, ან 7.540.000 დესეტინას; ეხლა-კი ტფილისის კომუნისტური უნივერსიტეტის ლექტორი, ვინმე დუბენსკი, გვიმტკიცებს, რომ საქართველო შეიცავს მხოლოდ 57.960 კვ. კილომ., მაშინ როდესაც პროფესორი გეხტმანი უკვე 67.960 კვ. კილომ. იძლევა. ბოლშევიკების მიერ გამოცემულ კრებულში (ნარ. ხოზ. გრუზია), საქართველოს სივრცედ მიღებულია 69.525 კვ. კილომ.=61.091 კვ. ვერსტი, და სულ ახალის მასალების მიხედვით-კი, საქართველოს ახალი დარაიონების დროს რომ იყო მიღებული, ნაჩვენებია: 70.046 კვ. კილომ. ეს უკანასკნელი ზომაც 6.254 კვ. კილომეტრით უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს მიღებული იყო 1921 წლამდე. ჩვენი ტერიტორიის ამ შემცირებით, უეჭველია, ბოლშევიკებს მოუსურვებიათ ცხოვრებაში ის ხაზი გაეტარებინათ, რომელიც წარმოდგენილი იყო, მათი ერთი დიდი ბობოლას მიერ, რათა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების ახალ-დარაიონების დროს, მოხდეს წაშლა `სტირანიე~ პოლიტიკური საზღვრებისა~. მეორე მათი დიდი ბობოლა, რომელიც სწორეთ ს.ს.ს.რ. ახლად დარაიონების მუშაობაში იყო ჩაბმული, ამიერ-კავკასიისათვის ისეთი დარაიონებას ურჩევდა, სადაც ცენტრი ტფილისში-კი არ უნდა დარცენილიყო, არამედ გადატანილიყო ვლადიკავკავში! უფრო გულ-ახდილ რჩევას იძლეოდა ბოლშევიკი, ვინმე `აჩ~, იგი აი რაგვარი პროექტის გატარებას ცდილობდა: `ტფილისის რაიონში უნდა შევიდესო მაზრები_ტფილისის,, ახალქალაქის, ბორჩალოსი და დუშეთისა. ამნაირად შემდგარი ოლქის მცხოვრები იქნება სულ 576.983. აქედან: სომეხი_32,6%; ქართველები ამაზედ, რასაკვირველია, ნაკლები_31,6%; რუსები_10,8%; თათრები_14,3%; დანარჩენნი_10,7%! ამნაირს დარაიონებაში ჩვენ თვალნათლად ვხედავთ ცდას, მაზრების დაყოფვა ისე მოეხდინათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქართველები ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობაში ჩაეყენებინათ; ამითი დაერღვიათ საქართველოს მთლიანობა და ერთსახეობა, რაიც ჩვენს ხალხს გაუძნელებდა მისი ეკონომიკის მშენებლობის ნორმალურის გზით სვლასაც.

ჯერ-ჯერობით ეს ვერ შესძლეს ბოლშევიკებმა, თუმცა ხელოვნური ზომები ამისათვის მათ მრავლად იხმარეს და კვლავაც ხმარობენ, მაგრამ სინამდვილეს ისინიც ვერსად წაუვიდნენ და თვით მათი სტატისტიკური მასალები მოსახლეობის აღრიცხვის შესახებ ასეთს ცნობებს იძლევა: 1926 წ. საქართველოში სულ იყო მოსახლეობა_2.666.494 მცხოვრები. აქედან სოფლად სცხოვრობდენ 2.072.273 (77,7%), ქალაქად-კი_594.221 (23,3%).

ეს მოსახლეობა ეროვნულად ასე ყოფილა დანაწილებული;

ეროვნებანი: სოფლად: ქალაქად:
ქართველები 72,45% 48,25%
სომხები 7,59% 25,16%
რუსები 1,23% 11,84%
ყველა დან. ერ. 18,73% 14,75%

1929 წლის აღრიცხვით საქართველოში უკვე 2.718.000 მცხოვრები ირიცხებოდა. აქედან, საქართველოს დედა-ქალაქს ტფილისში იყო:
ქართველები 42,9%
სომხები 33, %
რუსები 13,9%
დანარჩენები 10,2%
___________
სულ 100%

ჩვენის გამოანგარიშებით, ომამდე, საქართველოს მოსახლეობის ყოველ წლიური ზრდის ნორმა იყო 1,1%. რევოლუციისა და ბოლშევიკების შემოსევის შემდეგ ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესების მეოხებით ამ ისედაც საკმაოდ ნაკლებმა ნორმამ კვლავ იკლო და თუ ეხლა ამ ზრდას მხოლოდ 1% ჩავთვლით, 1933 წ. მოსახლეობა გამოიხატება დაახლოვებით 2.853.000 მცხოვრებით. ამ რიცხვში ქართველები უნდა იყოს არა ნაკლები 2.139.800. არა ქართველთა რიცხვი კი არ უნდა აღემატებოდეს 25-27%. გავიხსენოთ, რომ ცენტრალურ ევროპის სახელმწიფოებშიც სწორედ ამ პროცენტებით აღირიცხება ის მოსახლეობა, რომელიც ეროვნებათა უმცირესობას შეადგენს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ სახელმწიფოებში ეს უმცირესობანი ეკუთვნიან მხოლოდ ორიოდე ეროვნებებს, ჩვენში-კი არა-ქართველი 9-10 ეროვნებათ არის წარმოდგენილი. ცენტრალურს ევროპაში ზოგი ეროვნული უმცირესობა 20 პროცენტამდე ადის, როდესაც ჩვენში, ყველაზე დიდი უმცირესობა, სომხები, ძლივს თერთმეტ პროცენტამდე ავიდა.

ამნაირად, საქართველოს რესპუბლიკის პატრონად ისტორიულადაც და ფაქტიურადაც ქართული მოდგმის მოსახლეობაა დღესაც, მიუხედავად ჩვენი მტრების ცდების, რომ ეს სხვანაირად ყოფილიყო, ეს გარემოება ჩვენს ერს, უფლებებთან ერთად, განსაკუთრებულ მოვალეობასაც აკისრებს სა სწორედ მას ხდის პასუხის მგებლათ იმ მშენებლობაში, რომელიც ჩვენში სწარმოებს.

რომ სიტყვა არ გაგვგრძელებოდა, ჩვენ აქ არ წარმოგვიდგენია სტატისტიკური ციფრების სხვა და სხვაობის ყველა ნიმუშები. ამას არც შემდეგში ვაპირებთ. ვიტყვით მხოლოდ, რომ სტატისტიკური მასალების მერყეობა, მათი არა სიმტკიცე და ცვალებადობა ყველა დარგში ისეთივეა, როგორც ზემოდაა ნაჩვენები. ამიტომ დიდის სიფრთხილით უნდა ვისარგებლოთ, როგორც `სტრაჟნიკების~, ასევე `საბჭოების~ დროის დაგროვილი მასალებით. რასაკვირველია ასეთი ვითარება სავალალოა. აგერ ასოცდაათი წელიწადია, რაც საქართველო რუსეთს ხელში ჩაუვარდა და აქნობამდე მათ ისიც კი ვერ მოუხერხებიათ, რომ სტატისტიკური ცნობათა შეკრება ხდებოდეს სწორად და წესიერად. ეს მით უფრო დაუშვებელია, რომ რუსეთს, 1801 წელს, საქართველოში დაუხვდა მთელი წყება სხვა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და უკანასკნელთა შორის საუცხოვოდ მოწყობილი სტატისტიკური აპარატი, თავისი პერსონალით, განწესებით, და გამოცდილი მეთოდებით. ეს საქმიანობა არ შეწყვეტილა მაშინაც, როცა აღა-მაჰმად-ხანმა ორჯერ ააწიოკა საქართველო. ჩვენი მეფეთა განკარგულებით სტატისტიკური აღწერა, აუცილებლად, შვიდს წელიწადში ერთხელ უნდა მომხდარიყო! ერეკლე მეორის ბრძანებით ერთი აღწერა 1780 წელსაც მომხდარა და ასლი იმ აღწერისა ჩაკერებულია იმ ტრაქტატში, რომელიც მან რუსეთთან დასდო. ჩვენი დედა-ქალაქის, ტფილისის, აღწერა მაჰმად-ხანის დაცემის ხანაშიც მომხდარა, როცა ეს ჩვენი საშინელი მტერი უკან გაბრუნებულა. ამის შესახებ ვრცლადა აქვს ნაამბობი ჩვენს ისტორიკოსს ივ. ჯავახიშვილს, თავის `საქართველოს ეკონომიური ისტორიაში~.

ქართველი მოსახლეობის დანაწილება, მიხედვით მისი ბინადრობისა, როდესაც სოფლად ცხოვრობს 77,7% მთელი მოსახლეობისა და ქალაქად-კი, მხოლოდ_22,3%, უკვე ცხად ყოფს საქართველოს ეკონომიურ სტრუქტურას: იგი უმთავრესად `სასოფლო მეურნეობის მხარეა, ძალიან ნაკლებად განვითარებულ ქალაქის მოსახლეობით. თუ სახეში იმასაც მივიღებთ, რომ 6.042.000 დესეტ. ფართობზედ, რომელიც საქართველოს ტერიტორიას შეადგენს, მხოლოდ 66,7%-ია მეურნეობისათვის ვარგისად ცნობილი მიწები და 33,3%-კი უვარგისია, ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველოს სოფლების ასეთი ძალზედ დატვირთვა შეუძლებელია გამოწვეული და გამართლებული იყოს საღი ეკონომიურის მოსაზრებით. სოფლის ასეთმა დატვირთვამ მიწების უკიდურესად დანაწილება გამოიწვია. აი ამის ცხადი ილუსტრაცია: ამ ჟამად თითო კომლზედ მოდის მიწები: საქართველოში_3,8 დეს., სომხეთში_5,08 დეს., აზერბეიჯანში_6,7 დეს. ამის მიხედვით ასეთია აღრიცხვა ღარიბთა და შემძლე (`კულაკების~) გლეხების:

ერები ღარიბები `კულაკები~
საქართველო 41,2% 9,7%
სომხეთი 14,8% 15, %
აზერბეიჯანი 18,6% 31,9%

გავერკვიოთ, როგორია საქართველოში სასოფლო-მეურნეობის მდგომარეობა. ვარგისი მიწები, ე.ი. 66,7% საქართველოს ტერიტორიისა, უდრის_4.022.000 დესეტინას, აქედან:
კულტ. მეურნ. უჭირავს 919.000 დეს. _ 23% ყველა ვარგ. მიწებისა.
საძოვრებს უჭირავს 935.000 ,, 23% ,, ,, ,,
ტყეებს უჭირავს 2.168.000 ,, 54% ,, ,, ,,
________ ___
სულ 4.022.000 დეს. 100%

მთელი ვარგისი მიწების ფართობში მოდის: სახნავი მიწები _ 20,3%
სათიბი ,, 1,8%
ბაღ-ვენახები 0,9%

თუ მხოლოდ კულტურისათვის გამოსადეგ მიწებს მივმართავთ (919.000 დესეტ.), აქ მიწების დანაწილება ასეთია:
სახნავები 88,1%
სათიბები 7,9%
ბაღ-ვენახები 4,0%
_______
100%

ამ ცხრილებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არამცთუ უმთავრესად სასოფლო-მეურნეობის ქვეყანაა, არამედ იმასაც, რომ ამ მეურნეობაში უმთავრესი დარგი პურეულის თესვა-მოყვანა არის. სტატისტიკური მასალები გვიჩვენებენ, რომ მთელი ვარგისი მიწების ფართობზედ, მხოლოდ 26.000 დესეტინაა მიჩნეული იმნაირ კულტურებისათვის, როგორც არის ქართოფილი, ბამბა, კომბოსტო, თამბაქო და სხვ… ამ ჯამად ცდილობენ ეს რაოდენობა 60.000 ჰეკტრამდე აიყვანონ. მეურნეობის დღევანდელი წესები იმასაც გვიჩვენებენ, რომ ჩვენში ყოველ-წლივ მოუხნელად რჩება 250.000 დესეტინამდე; არის წლები, როდესაც მათი რაოდენობა 400.000 დესეტინამდეც აღწევს! ამ ჟამად ეს არის ერთად-ერთი საშუალება, რათა მოსახნავ მიწებს დაუბრუნდეს მათი ძალ-ღონე, კატასტროფულად დალეული. პურეულობის შორის უმეტეს წილად სიმინდი ითესება; პურის ყანები თან-და-თან კლებულობს და სიმინდს უთმობს. აი ის ცარჩოები, რომლის ფარგლებში ხდება საქართველოს მოსახლეობის საქმიანობა; სწორედ რომ ითქვას, ეს არ არის მხოლოდ `ჩარჩო~ ერის მეურნეობისა. იგია თვით `მეურნეობა~, რაშიაც იხატება ქართველი ხალხის სამეურნეო უნარიანობა; სწორედ აქ იჩენს თავსა ჩვენი ერი, როგორც მშენებელი. მართალია, ეს მხოლოდ სასოფლო- მეურნეობის დარგია, ჩვენი ერი სხვაგვარ მოღვაწეობა-საქმიანობასაც ეძლევა, ამაზედ ქვემოთ გვრქნება ბაასი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ სასოფლო-მეურნეობაშია ჩაბმული ჩვენი ერის 80 პროცენტამდე და იგია იმისი მთავარი საქმიანობა.

უნდა პირდაპირ ითქვას, რომ ეს საქმიანობა, მიწების ამნაირ დარგებათ დანაწილება, სრულებით არ უდგება ჩვენი ქვეყნის მდგომიარეობას – ჰავას, არც მისი მიწების თვისებებს და მეტადრე არც ქართველი ხალხის, ამ ძველი კულტუროსანი ერის უნარიანობას, რომელიც უხსოვარ დროიდან ღრმადაა ჩაბმული სასოფლო-მეურნეობის წარმოებაში. ეს წარმოება, ყოველთვის ურთულეს და უძნელეს დარგათ ყოფილა ცნობილი. ტყუილად კი არ იყვნენ კულტუროსან ერებად ჩათვლილი ის ხალხები, რომელთაც პირველად იბრუნეს პირი მიწებისაკენ, მათ დასამუშავებლად და მოსავლელად.
გიორგი ჟურული.
(გაგრძელება შემდეგ).
_________ – _________

 

 

ქართველი ერი, როგორც მშენებელი
_____:_____
(ეკონომიური ეტიუდი)
(გაგრძელება*) *) იხ. `სამშობლო~ #14)

გამოჩენილი გეოგრაფი სტრაბონი, ქრისტეს შემდეგ პირველს საუკუნეში რომ მოღვაწეობდა, პირადათ საქართველოშიც ყოფილა; იგი დიდის ქებით იხსენიებს იმ წესებს, რომლითაც ქართველი ერი მისდევდა სასოფლო-მეურნეობასა, უქებს ჩვენს ხალხს მეურნეობაში ხმარებულ იარაღებს, აღნიშნავს ჩვენი მიწების არა-ჩვეულებრივ დიდს მოსავლიანობას, კულტურების ნაირ-ნაირობას, სადაც პურეულობასთან ერთად ითესებოდა: სელი, კანაფი; (ბამბა მე-XII-XIII საუკუნოდან) და ყველა ამასთან ბაღ-ვენახების გაშენებას. ღვინის დაყენების ცოდნას და სხვა.
უღრმეს წარსულში ჰქონია ქართველ კაცს წარმოდგენა თესლის შერჩევის სარგებლობაზე (სელექცია); ჯერ კიდევ იმ დროს უწევდა იგი ანგარიშს ნიადაგის კარგად დამუშავების საჭიროებას, მიწების დასვენების აუცილებლობას, სამს-ოთხს წელიწადში ერთხელ, რათა მათი ღონე კვლავ აღდგენილიყო. სასოფლო-მეურნეობაში ხმარებულ იარაღების მრავალ-ფეროვნებას იმ დროისთვის, მათი კონსტრუქციის სირთულეს, გაკვირვებაში მოყავდათ ის უცხოელნი, რომელთაც ჩვენში უცხოვრიათ. საკმაოდ ბლომათაა დარჩენილი ძველი ნაწერები, რომელნიც მოწმობენ, რომ საქართველში სასოფლო-მეურნეობა მართლაც და მარალს დონეზედ ყოფილა ასული.
ერთობ საინტერესოა, მაგალითად, ქართული გუთნის გაუმჯობესების ისტორია, სასოფლო-მეურნეობაში ხმარებულ ამ უმთავრეს იარაღისა. გვახსოვს ჩვენი სტუდენტობა, პროფესორი გვიკითხავდა საზოგადოთ გუთნის გამოგონების ისტორიას და მისი კონსტრუქციის ევოლუციის ამბებს. კერძოთ ქართული გუთნის შესახებ აი, დაახლოვებით, რა გადმოგვცა პროფესორმა: გუთნის თან და თანობით გაუმჯობესების ისტორიაში ქართულს გუთანს საპატიო ადგილი უკავია; პირველად ამ გუთანში იყო განხორციელებული ის წარმატებანი, რომელიც ხვნის დროს გუთანს ურყევად სვლას ანიჭებდაო. მაშინ ამ სიტყვებს არ მოუხდენიათ ჩემზედ სრული შეგნება იმისი; მხოლოდ ამ რამოდენიმე წლის წინათ, როცა გავეცანი ივ. ჯავახიშვილის კაპიტალურ შრომას, მის `ეკონომიურ ისტორიას~, შევიგნე, თუ რა დიდი გამოგონება უნდა ყოფილიყო ქართველებისაგან შემოღება ისეთი გუთნის ბორბლებისა (მე-XII ს.), რომელიც ერთი ზომისანი არ იყვნენ: ხნულში ჩაყენებული ბორბალი უფრო მცირე რადიუსისაა, ვიდრე მეორე, საველე თვალი. ამნაირი სისტემის გუთანი საქართველოში გაცილებით უფრო ადრე ყოფილა ხმარებული, ვიდრე ევროპაში, სადაც მათ მხოლოდ მე-XVII-XVIII საუკუნეებში ვხვდებით (ამ დროებამდე იქ ბორბლები თანასწორი ზომისა იყო). რკინის სახნისს ქართველები ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე ხმარობდნენ; ამ ჟამად უკვე მტკიცდება, რომ გუთნის ერთი ნაწილი, სახელდობრ საკვეთი,_სახნისს რომ წინ უსწრობს დანის ფორმით, პირველად ქართველებისაგან უნდა იყოს გამოგონილი. ყოველ შემთხვევაში მტკიცდება, რომ საკვეთელს ქართველები რომზედ და საბერძნეთზედ ადრე ხმარობდნენ. გუთნის ბოლტების გადმოსაბრუნებლად ფიცარსაც, სახნისის თავზედ რომ არის აყუდებული. ეს გაუმჯობესობა ქართველებს მე-V საუკუნეში შემოუღიათ. ამ ფორმის საბრუნებელის (რუსულად `ოტვალი~) მაგიერ რომაელებს სახნისის გვერდით გაკეთებული ჰქონდათ ორი პატარა ყური, ხისავე, რომელიც არაფრად მიაგავს ქართული გუთნის ფიცარს. ეტყობა, ფიქრობს პროფესორი ჯავახიშვილი, რომაელების გუთანი ქართველებმა პირველად რომაელების საქართველოში შემოსევის დროს ნახეს და მათი გუთნის `ყურები~, შეუცვლელად კი არ გადმოიღეს, არამედ თავისი უნარით გადააკეთეს იგი და ისე გააუმჯობესეს, რომ ხვნის დროს მიწის გადაბრუნება და დაფშვნეტვა გაცილებით უფრო კარგად ხდება. ეს გაუმჯობესებული მიწის საბრუნებელი, ქართველებმა ევროპაზედ რამოდენიმე საუკუნით უფრო ადრე განახორციელეს.

ძველი ქართული მემინდვრეობის კულტურის განვითარების მაღალი დონე, სრულის უეჭვობით უნდა მტკიცდებოდეს, ამბობს ჩვენი სასიქადულო ისტორიკოსი. აი ერთი უცხოელი მწერლის მოწმობაც: მეთვრამეტე საუკუნეში კაი ხანს დაჰყო საქართველოში, სახელდობრ სამეგრელოში, მისიონერმა ლამბერტმა, იგი მემინდვრეობაში ხმარებულს ასეთს თესლთა ბრუნვას აღნიშნავს: პირველს წელს ითესებოდა ღომი, იმის შემდეგ სიმინდი, მერე პური და მეოთხე წელს მიწას ასვენებდენო. უნდა ითქვას, რომ ასეთი თესლის ბრუნვა, მეცნიერული აგრონომიის თვალსაზრისით, დღესაც რაციონალურად უნდა იყოს აღიარებული. ქართველებმაო, მოწმობს ლამბერტი, თესვის წინ, თესლის გაწმენდა, გასუფთავებაც იციანო. ჩვენ ეხლა ვიცით, რომ ასეთი თესლის გადარჩევა აუცილებელი მოთხოვნილებაა თანამედროვე მეცნიერული აგრიკულტურისა.

მეთვრამეტე საუკუნის დიდი ქართველი მეცნიერი, ბატონიშვილი ვახუშტი, თავის საქართველოს ეკონომიურ გეოგრაფიაში, ერთად უყრის თავს ყველა იმ ცოდნას, რაც სასოფლო-მეურნეობის დარგში, თუ მცენარეთა მცოდნობაში ქონია ქართველებს. გეოგრაფი ვახუშტი უკვე საუცხოოდ ერკვევა, რა გავლენას ახდენს სასოფლო-მეურნეობის წარმოებაზედ ზონების ურთი-ერთობა. ამ ზონებს იგი არკვევს ჰორიზონტალურს და ვერტიკალურ მიმართულებით, აგვიწერს მათ დაწვრილებით, იმ მცენარეების ჩამოთვლით, რომელნიც ამა თუ იმ ზონას ახასიათებენ. როგორც პროფესორი ივ. ჯავახიშვილი გადმოგვცემს, მცენარეთა ზონალურად ჩარიგება, ევროპაში, პირველად აღნიშნა ფრანგმა მეცნიერმა დე Gანდელლე-მა მეცხრამეტე საუკუნეში. ქართველმა მეცნიერმა ვახუშტიმ საქართველოს ზონების აღწერა, უკვე 1740 წელს მოგვცა, ე.ი. თითქმის ორასი წლით ადრე, ვიდრე დე განდელის ის შესანიშნავი წიგნი გამოქვეყნდებოდა.

ქართულმა სასოფლო-მეურნეობამ, სხვატა შორის, მდიდარი ტერმინოლოგია მოგვცა. ამით მტკიცდება, როგორის დაკვირვებით, ადგილობრივი პირობების ღრმად შეფასებით და შეგნებით მისდევდენ ჩვენი წინაპარნი ხვნა-თესვას, თუ მეირნეობის სხვა წარმოებას. ამის შედეგი_მიწების ის დიდი მოსავლიანობა იყო, რომელსაც აგვიწერენ ძველი მწერალნი. სტრაბონის დროს ჩვენი პურის მოსავალი, დათესილს აღემატებოდა 50 ჯერ! მეთვრამეტე საუკუნეშიც, ლომბარტის მოწმობით ეს მოსავალი 8 ჯერ აღემატებოდა თესლსა. საქართველოს ბუნების დაკვირვებით, შეგნებამ შეასწავლა ჩვენს ხალხს მცენარეთა თვისი საკუთარი ხარისხების გამოყვანაც. ეს ქართული ხარისხები, მაგალითად პურეულობაში, ცნობილია სწრაფის დამწიფებით, საუცხოვო გემოთი და ჯიშის სიმტკიცით. მაგალითად ზანდურის პური, ანუ მაზა (ოსლი), ის ქართული ხარისხია, რომელიც ჩვენებურ თონის პურს ანიჭებს ასეთს შესანიშნავ გემოს.

ასეთი ყოფილა ძველათ ქართველი ერის უნარი სასოფლო-მეურნეობაში. ბუნებრივად იბადება კითხვა: ნუ თუ დრევანდელს ქართველებს ისე შემოაკლდათ ეს მამა-პაპეული უნარიანობა, ისე მოსწყდენ ისენი თავის ძველად ნაქებ კულტურას, რომ ვეღარ მოუხერხებიათ აწინდელი თვისი მეურნეობა ისეთს დონეზედ დააყენონ, რომ მათი კეთილმყოფობა ცოტა ზემოთ აიწიოს?!

თქმა არ უნა, რომ სასოფლო-მეურნეობას ჩვენი ხალხი დღესაც დაკვირვებით და თუ გნებავთ, მოხერხებითაც მისდევს, მიუხედავად იმ მძიმე ეკონომიური პირობებისა, რომელიც ძალათა აქვს თავს მოხვეული აგერ ასოცი წელიწადია. იგი საკუთარს ძალებზედ დაყრდნობილი, ათასის გაჭირვებით, მხოლოდ საკუთარის უნარით, სხვების დაუხმარებლად, უძღვება მაინც, დაე სიღარიბით, თვისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას! ღარიბად ვიტყვით ჩვენ, მანამ უვარგისი მართველობის მიერ ხელოვნურად ჩვენს თავზედ მოხვეული პირობები არ იქნება შეცვლილი, უკუგდებული!

უკანასკნელი დიდი ომის დაწყებამდე სასოფლო-მეურნეობის ინტენსიფიკაცია ყოველს შემთხვევაში იდგამდა ჩვენში ფეხსა. ეს გამოიხატებოდა, მაგალითად, მებაღეობის, მებოსტნეობის წარმოების გადიდებით; ხილის ჯიშების გაუმჯობესებით, ვენახების ევროპიული წესებით დამუშავებით, ვაზის და ხეხილის წამლობის შემოღებით, მეთამბაქოობის ზრდით; მინდვრებში იწყობა კომბოსტოსი, ქართოფილის და ჭარხლის მოყვანა. დასავლეთ საქართველოს ვაზებს, ფილოქსერა რომ მოედო, რუს მთავრობის ექსპერტების რჩევით, ჩვენ ხალხს ვაზი სულ ძირიანად უნდა ამოეგდო და იმის მაგიერ ზეთის ხილი გაეჩინა, ან რამის თესვას მოყოლოდა; ვითომდა, კულტურულად დაქვეითებული ქართველი, ვერ შესძლებდა ფილოქსერასთან ბრძოლასო. ჩვენმა ერმა ეს რჩევა არ მიიღო, საკუთარის ძალებით შეებრძოლა ფილოქსერას, დაამარცხა იგი და თან, ახალი ვაზის გაშენებაში, მეცნიერული მეთოდების მოხმარებაც შეისწავლა, მასთან ერთად საუცხოვოდ გაეცნო ვაზის წამლობის პროცესსაც. ბოლოს ხომ ფორთოქალ-მანდარინებისა და ჩაის პლანტაციების მოწყობასაც შეეჩვია. ყველა ამით, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ძველად მონაპოვარი კულტურა ღრმად აქვს მას ძვალსა და რბილში გამდგარი, რომ დრესაც არ დაუკარგავს მას ნიჭი სასოფლო-მეურნეობაში ინიციატივისა და ხერხის გამოჩენისა.

მიუხედავად ამისა, მაინც იბადება კითხვა: რა მოხდა, რითი უნდა აიხსნას ის მოვლენა, რომ ქართველი ხალხი მაინც ღარიბია და ძლივს ახერხებს იგი თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას; ღარიბია ესოდენ მდიდარს ქვეყანაში, სადაც, თითქოს, ყველა პირობებია მოცემული რომ მოსახლეობის კეთილდღეობა, რომ იტყვიან, სდუღდეს და გადმოსდიოდესაო?…

ეს კითხვა დიდი ხანია სდგას ჩვენი ერის წინაშე, და ჩვენი ეკონომისტები მოვალენი არიან აგვიხსნან იგი, ჩვენი ქვეყნის მეურნეობის ყოველ-მხრივი შესწავლით. ეს ახსნა, ალბად, მომავლის საქმეა და ეხლა კი, ნება მიბოძეთ, მანამ ამ კარდინალურს კითხვას კვლავ დავუბრუნდებოდე, ჩვენი ეკონომიკის უფრო ახლოდ გათვალისწინებისათვის მოგაწოდოთ კიდევ რამოდენიმე ცნობა. ბოლშევიკური გამოცემანი საყოველთაოდ გაიძახიან, რომ პურის მოსავლის ნაკლუვანება საქართველოში იმ ზომამდეა მისული, რომ რუსეთიდან, ყოველ წლივ 10 მილიონი ფუთის ხორბლის შემოტანა გვიხდებაო. ეს ცნობა შორს არ უნდა იყოს სიმართლეზედ და დღევანდელს სინამდვილეზედ. ომამდი, როგორც მოგეხსენებათ, მდგომარეობა ცოტა სხვანაირი იყო. მაშინ მოდიოდა წლები, როდესაც საქართველოს ყოფნიდა თავისი პურის მოსავალი, თუმცა იყო ისეთი წლებიც, როცა ეს მოსავალი არ იყო საკმარისი.

განსვენებულს ნოე ხომერიკს თავის ერთ წიგნაკში ასეთი ცნობები აქვს მოყვანილი: 700 ათას ჰეკტარზედ დათესილ პურს მოუცია მოსავალი 500.000 ტონი. იხარჯებოდა კი:
მოსახლეობის საკვებად _ 528.840 ტონი
სათესლეთ _ _ 69.000 ტონი
საქონლის საკვებათ _ 63.238 ტონი
_________________
სულ 662.000 ტ. (მორგვ-ბით).

როგორც ვხედავთ, ამნაირს ცუდი მოსავლის დროს ჩვენს ქვეყანას აკლდებოდა 112.000 ტონი. მაგრამ, საქმის მდგომარეობა ყოველთვის რომ ასეთი არ ყოფილა, ამას შემდეგი გვიჩვენებს. 1909-1913 წლებში, საშუალოდ, ყოველ წლიური მოსავალი უდრიდა 42.557.000 ფუთს, ე.ი. 700.000 ტონზე მეტსა. ამ შემთხვევაში დეფიციტს ან სულ არ ჰქონია ადგილი და ან მცირე რაოდენობით…
რას ააშკარავებს ეს ციფრები? სულ პირველად იმას, რომ ერთობ მცირე ყოფილა ჩვენში პურეულის მოსავალი, თითო დესეტინაზედ რომ ვიანგარიშოთ, ჩვენში 700.000 ჰეკტარზედ მოსავალი რაღაცა 550.000 ტონი ყოფილა. სხვა ქვეყნებში ამ ზომისავე ფართობი იძლეოდა ასეთ მოსავალს:
იტალია 595.000 ტონს
საფრანგეთი 875.000 ტონს
გერმანია 1.240.000 ტონს
ბელგია 1.610.000 ტონს
დანია 1.820.000 ტონს.

თუ ჩვენ 550.000 ტონის მოსაყვანათ დაგვჭირებია 700.000 ჰეკტარის მოხვნა, ამ რაოდენობის მოსავლის მისარებათ საკმარისი იყო მოეხნათ:
გერმენიაში 315.000 ჰეკტარი
ჰოლანდიაში 280.000 ჰეკტარი
ბელგიაში 260.000 ჰეკტარი.

ამ ცხრილებიდან აშკარად ვხედავთ, რომ ჩვენებური სასოფლო-მეურნეობა სათანადო დონეზედ რომ ყოფილიყო დაყენებული, ჩვენს ხალხს, იმ წელს, 700.000 ჰეკტრის მოხვნა კი არ დასჭირდებოდა, არამედ მესამედის, ბელგიის მაგალითს რომ მივხედოთ. დანარჩენი ჩვენი მიწები განთავისუფლებული იქნებოდა პურეულობისაგან და იქ უფრო მარალი ღირებულობის კულტურას მივყვებოდით, უფრო ინტენსიური მეთოდებზედ გადასვლით.

ამნაირს მცირე მოსავალს ჩვენში ყველა სხვა კულტურებიც იძლევა: თამბაქო, ვაზი, ხილი, თხილი და კაკალი; მცირეა გამოსავალი მატყლისა, აბრეშუმის და სხვათა…

მართალია აქ ჩამოთვლილ დარგებში, ზოგს შემთხვევაში, იმდენი მაინც მოდის, რომ შინ მოსახმარადაც ყოფნის ჩვენს ხალხს და ზედ-მეტი უცხოეთშიც გადის, მაგრამ აქაც, საერთოდ, მოსავლიანობა მცირეა მაზედ, რის მიღება ადვილად შეიძლებოდა ჩვენში, მეურნეობა რომ უფრო რაციონალურად სწარმოებდეს.

ასეთია ვითარება სასოფლო მეურნეობაში. გადავხედოთ ეხლა რა ხდება ჩვენი სამშობლოს ეკონომიურს სხვა დარგებში.

აქ ჩვენ გვინდა სულ მოკლეთვე შევეხოთ ჩვენებურს მრეწველობას, ვაჭრობას, შინა-მრეწველობას და სხვა. ას ჩვიდმეტი წლის რუსის ბატონობის დროს, კაცმა რომ სთქვას, ჩვენში არავითარი მრეწველობა არ ყოფილა დაშვებული. ეს რასაკვირველია, იმიტომ არა, რომ ამისათვის ადგილობრივი პირობები არ ყოფილიყოს მოცემული ან მოსახლეობას არ ქონოდა უნარი, ან სურვილი ასეთს მოღვაწეობაში ჩაბმულიყო.

რუსეთის ეკონომიური პოლიტიკა ყოველთვის ისეთი იყო, რომ იგი სრულებით არ უწყობდა ხელს მრეწველობის გაჩენას ისეთ განაპირა პროვინციებში, როგორიც საქართველოა. რუსეთის კოლონიალური პოლიტიკა ჩვენი ქვრყნის მიმართ ნაწარმოები, მოითხოვდა რუსეთის ქარხნებისათვის ნედლი მასალის მიცემას, ფაბრიკის ნაწარმოები-კი ჩვენ უეჭველად რუსეთიდან უნდა გამოგვეწერა. რუსების ეს პოლიტიკა ტარდებოდა დაჟინებით და ულმობლათ; ერთი მიზეზთაგანი ეს იყო, რომ ჩვენი სასოფლო-მეურნეობა დაბალ დონეზედ იდგა, მოსახლეობაც მატერიალურად მეტად დაქვეითდა. ჩვენს სოფელს აკლდა ღონიერი ქალაქი, ქალაქს კიდევ აკლდა დოვლათიანი სოფელი. ჩვენი ქვეყნის საწარმოო ძალები იმდენად იყო ხელოვნურად შევიწროებული, რომ თითქოს დავიწყებას მიეცა ის უბრალო ჭეშმარიტება, რომ ვისაც ღონიერი ქალაქი უნდა, მას სოფლისათვის უნდა მიეხედნა და ვისაც ძლიერი სასოფლო-მეურნეობა აინტერესებდა, მას ქალაქის მრეწველობისთვის უნდა ეზრუნა… ჩვენს მეურნეობაში არსებული პირობები თავის გავლენას ახდენდა ადგილობრივ ვაჭრობაზედაც. გაღარიბებული მოსახლეობა ერთობ ცუდი მყიდველია ქარხნის ნაწარმოების. ასეთ დონეზედ დაწეული ერი იძულებულია შინ გაიკეთოს, რაც შეიძლება მეტი იმ საქონლისა, რაც მას სჭირდება და ამით იგი ხელოვნურად ნატურალურ მეურნეობას უბრუნდება. აი მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ გაჩნდა ჩვენში მსხვილი ვაჭარ-სოვდაგარი, რომლის გამდიდრების გზა ყველგან ერთია: იგი თვითონ არას ქმნის ახალ ღირებულებას, ის არის მხოლოდ შუამავალი მწარმოებლის და მსყიდველის შორის და რამდენადაც ეს მსყიდველი, ე.ი. ადგილობრივი მოსახლეობა, ყიდულობს მათს ნაწარმოებს, ფაბრიკ-ქარხნებში დამუშავებულს, იმდენად უფრო მეტი ფული გროვდება ვაჭართა კლასშიც. საქართველოს ეკონომიურს პირობებში ამ კლასმა ვერ დაიგროვა მაინც და მაინც დიდი ფულადი სიმდიდრე და ვერც ის მოახრხა, რომ უფრო ზევით ამაღლებულიყო და ნაწილობრივად, მრეწველთა კლასსად გადაქცეულიყო. თუ ომის წინა დროის სტატისტიკურ მასალას გავეცნობით, ადგილობრივი მრეწველობის მდგომარეობის შესახებ ასეთს სურათს ვიხილავთ.
1912 წელს, ჩვენებურ ქარხნებ-ფაბრიკების მთელი ნაწარმოები შეფასებული იყო რაღაც 24.608.700 მანეთად; ყველა ეს ნაწარმოები არ იყო მხოლოდ ადგილობრივი კაპიტალის მიერ გამომუშავებული. ჩვენის ანგარიშით, ნაწარმოების მთელი 48% არა ადგილობრივ კაპიტალს ეკუთვნოდა და მხოლოდ 52% იყო გამომუშავებული შინაური კაპიტალის მიერ. აქ ყურადღებას სულ პირველად ის გარემოება იქცევს, რომ ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობა ჩვენს მრეწველობაში ერთობ სუსტობდა. ეს ჩვენებური წარმოება იმდენად მარტივია, რომ იმისი სავსებით აწევა საკუთარის ძალებით, უცხოელების დაუხმარებლათაც, არ უნდა გასძნელებოდა ჩვენებურს კაპიტალისტებს.
ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო რა მონაწილეობა ეკუთვნოდა ადგილობრივ კაპიტალში კერძოთ ქართულსა და სომხის კაპიტალებს. თქმა არ უნდა, რომ ასეთი გამოანგარიშება არ არის ადვილი, მეტადრე აქ, უცხოეთში, როდესაც ყოველ-გვარ მასალების ნაკლუვანობას განვიცდით. აი დაახლოვებით, რა სურათი წარმოგვიდგება:
ქართულს კაპიტალზედ მოდის
სამრეწველო ნაწარმოები _ 6.777.200 მან.
სომხის კაპიტალზედ მოდის . . . . . . . . . . . . _ 6.050.500 მან.

სიფრთხილისთვის მივიღოთ, რომ ეს მონაწილეობა თანასწორად ხდებოდა და არა ისე, როგორც მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს. ჩვენგან შეკრებილი მასალები იმასაც ამბობენ, რომ სომხის კაპიტალი საქართველოში უმთავრესად თამბაქოს მრეწველობაში იყო ჩაბმული, ქართველებისა _ მარგანეცში. ტყის საქმეში, მეღვინეობაში, ტყავის წარმოებაში ორთავე კაპიტალი თითქმის თანასწორია. უმთავრეს მიზეზად ჩვენში მრეწველობის მცირე განვითარებისა ისევ რუსეთის კოლონიალური პოლიტიკა რჩება, მაგრამ საფიქრებელია, რომ ჩვენებური ვაჭარ-სოვდაგარნი ვერ ავიდნენ მრეწველთა საფეხურზედ იმ მიზეზებით, რომ ფულის `გაკეთებას~ მის დაგროვებას ისინი ამჯობინებდენ მევახშეობას, რასაც იოლად აწარმოებდენ თვის წვრილ მაშტაბიან ვაჭრობასტან ერთად. მევახშეობას ჩვენში ბოლომდე კარგი დარი უდგა; საუბედუროთ ჩვენებური ბანკები უფრო ჩხირ-კედელობდენ, და არ წარმოადგენდენ მსხვილ საკრედიტო აპარატს. ისინი უმთავრესად ქალაქელებს ემსახურებოდენ, მუდამ შიშობდენ კრედიტი სოფლისათვისაც მიეწოდებინათ, იმ სოფლისათვის, სადაც ინტენსიფიკაცია, ასე თუ ისე, ფეხს იდგამდა და კრედიტთა მიშველებას ითხოვდა. სოფელი მევახშეების ამარათ იყო მიტოვებული, და ეს ძვილი კრედიტი ერთ დიდს მიზეზათაც გახდა ჩვენი სასოფლო-მეურნეობის ნელის ნაბიჯით სვლისა.
სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს იძულებულნი ვართ, ამ ეტიუდში ნათქვამით დავკმაყოფილდეთ, თუმცა ვაჭრობა-მრეწველობის ისტორია საქართველოში საინტერესოც არის და თვისი შინაარსითაც საკმაოდ მდიდარი.
საქართველოს ისტორიულს ანალებში შენახულია სახელები იმ ქართველ ვაჭარ-სოვდაგრებისა, რომელნიც წარსულში დიდს ვაჭრობას აწარმოებდენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებში. ამ ისტორიიდან იმასაც ვგებულობთ, რომ კონსტანტინოპოლის ბედის ცვალებადობა დიდს გავლენას ახდენდა საქართველოს ვაჭრობაზედ. ოსმალებმა სტამბოლი რომ დაიჭირეს, ჩვენს ქვეყანას მოესპო სატრანზიტო პუნკტის მნიშვნელობა და ამას ის მოჰყვა, რომ ჩვენს ქვეყანაში თან და თან ქრება ტიპი დიდ უნარიანი ვაჭრისა და მის ადგილს წვრილი ვაჭარი იჭერს.
მთელი მე-19 საუკუნე წვრილ ვაჭართა რიცხვის ზრდაში გადის. უკანასკნელთა შორის ქართველები თან და თან მრავლდებიან; ესენი ჯერ მცირე დაბა-ქალაქებიდან ახევინებენ უკან არა ქართველ ვაჭრებს, რომელთა ნაშთნი დიდს ქალაქებში გადადის. ქართველი ვაჭარ-სოვდაგარი მალე აქაც იკიდებს ფეხსა. მეოცე საუკუნე ქართველ ვაჭართა უფრო დიდ გაძლიერების სურათს იძლევა; ამნაირსავე სურათს ვხედავთ მრეწველობის დარგში.
სამოცდაათიან წლებში საქართველოში (გორის მაზრაში) აშენდა პირველი შუშის ქარხანა. იმისი დამწყები იყო ქართველი მემამულე თავ. ელიზბარ ერისთავი. ევროპიული წესებით სპირტის გამოხდა და კონიაკის კეთება პირველად ქართველმა მრეწველმა დ.სარაჯიშვილმა შემოიღო. ტყის ინდუსტრია, ეს უძნელესი და ურთულესი წარმოება, ისევ ქართველებმა დაიწყეს გიორგი ქართველიშვილმა და ასლ. ოქრომჭედლიშვილმა. მათ დიდი წინასწარი სამუშაო მოახდინეს. გაიყვანეს შოსეები და რკინის-გზები. გაწმინდეს მდინარეების კალაპოტები, რამაც დიდი კაპიტალის ჩაბნევა მოინდომა. ტიპოგრაფიის და ლიტოგრაფიული საქმეც ევროპიულად ქართველმა კ. მესხიშვილმა მოაწყო პირველად. კარგი ღვინის დაყენებამ ქართველ ღვინოს დიდი სახელი გაუთქვა უცხოეთში. როგორც ერთი კურიოზი, აქ მოსატანია კიდევ ერთი ამბავი. ბაქოდან გაუწმენდავი ნავთის შემოტანა საქართველოში პირველად ორმა ქართველმა მოაწყო. ეს ექსპორტი იმ დროს აქლემებით ხდებოდა, რადგან იმ დროს არც რკინის-გზა იყო გაყვანილი და არც შოსე.
მარგანეცის წარმოებაში ქართველების კაპიტალი იყო არა ნაკლები ორმოცი პროცენტისა; ამ მრეწველობამ მოგვცა არა ერთი საქმეში ღრმად ჩახედული მრეწველი, თუმცა ნავთის წარმოება ჩვენში ჯერ არ იყო დაწყებული, მაგრამ ბაქოს ნავთის წარმოებაშიც გამოჩნდენ საკმაოდ ღონიერი ქართველი მრეწველები.
ქართველების, ინდუსტრიაში მონაწილეობის მიღება არ იყო მათთვის რაღაც უჩვეულო ამბავი.
საქართველოდან უძველეს დროიდან გაქონდათ უცხოეთში ჩვენში გადამუშავებული და გაკეთებული `მანუფაქტურა~, აწინდელი ტერმინით რომ ვიხმაროთ. ისტორიკოსი გეროდოტი მოწმობს, რომ ქართული ხელის-ქსოვილები არაფრით ჩამოუვარდებოდა ეგვიპტელ ქსოვილებსაო.
კანაფის ქსოვილები, საქართველოში ნამუშევარი უცხოეთში გატანილი სტრაბონსაც უნახავს. ქართული ბამბეულის ქსოვილები უკვე მეცამეტე საუკუნეში გვხვდება.
გიორგი ჟურული.
(გაგრძელება შემდეგ).
__________ _ _________

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress