მანანა ნოზაძე
2014-04-03 22:15:33 For.ge 03 .04. 2014
ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილის ჩამოყვანასა და ჟვანიას საქმის გამო მის დასჯას ითხოვს. თუმცა ჯაჭვური რეაქციით, შესაძლოა, თავადაც აღმოჩნდეს დასაკითხ პირთა შორის. საქმე ისაა, რომ კონსტანტინე გამსახურდია მამის, ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების გამო ედუარდ შევარდნაძის დაკითხვას მოითხოვს. საქმის გამოძიებას ელიან ცოტნე და გიორგი გამსახურდიებიც.
ისტორია მეორდება, სააკაშვილი ყველანაირად თავიდან იცილებს დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებას, თავის დროზე არც ედუარდ შევარდნაძე ყოფილა გახსნილი ექსპრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ, რომელიც მასთან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ჰქონდა. ედუარდ შევარდნაძეს პროკურატურასთან თანამშრომლობის იდეა დღესაც არ ხიბლავს. ხუმრობით აცხადებს, რომ პროკურატურას შეკითხვებიც არ დაუტოვა, რადგან ამ ათი წლის განმავლობაში ყველა კითხვას პასუხი გასცა თავისი ინტერვიუებით, რომლებიც დაკითხვის ოქმებს უფრო გვანან, ვიდრე ინტერვიუებს. თუმცა, კითხვები თუ მაინც დარჩა, ის მზადაა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უპასუხოს.
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ აუცილებლად უნდა დაკითხოს ედუარდ შევარდნაძე და უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი არა მარტო ამ საქმესთან დაკავშირებით, არამედ სხვა გახმაურებულ (მათ შორის, გია ჭანტურიას) მკვლელობებთან დაკავშირებითაც. პოლიტოკოსი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და დღესაც წარმატებით ცდილობენ, როგორმე პასუხისმგებლობა მოაცილონ ედუარდ შევარდნაძეს.
მამუკა გიორგაძის აზრით, ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში, თუნდაც თვითმკვლელობა იყოს, სამართლებრივად ეს არაფერს არ ცვლის, რადგან არსებობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, რომელიც უბრალოდ კვალიფიკაციაა, თორემ ჩვეულებრივი გაგებით, ის მოკლულია.
„ის, რომ ტყეში განდევნეს ადამიანი, გარშემომყოფნი ყველანი ჩამოსცილდნენ, მარტო დარჩა და ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, ესეც გამოსაძიებელია. არა მარტო ტექნიკური საკითხებია გამოსაძიებელი, თუ როგორ მოხდა მკვლელობა, არამედ მისი წინა პერიოდიც. სამწუხაროდ, მიჩქმალულია, წინა პერიოდი უკავშირდება თუ არა რუსეთის ინტერესებს, რომელმაც გამსახურდია და შევარდნაძე გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ აიძულა. ამ გაგებით, პოლიტიკური გარიგების მსხვერპლი ხომ არ არის გამსახურდია?! რა კავშირშია ეს მკვლელობა სოხუმის დაკარგვასთან?! სად წავიდა ის ხალხი, რომელიც გროზნოდან ჩამოყვანილ ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში ათასობით ელოდა და შემდეგ ერთი ხელის მოსმით მის გუნდში არ აღმოჩნდა? რა მოხდა ოჩამჩირეში, როცა გამსახურდიას მოსთხოვეს მეგრულ-აფხაზური კონფედერაცია, რაზეც ბატონმა ზვიადმა ხელი არ მოაწერა?! არის თუ არა ამ ხელის არმოწერის შედეგი და შევარდნაძის მხრიდან დსთ-ში შესვლის მზადყოფნის განცხადება იმის გამოხატულება, რომ გამსახურდია გაიწირა? სამწუხაროდ, პრივატიზებული ხდება ეს თემები, რაც მარტო ვიწრო ჯგუფის ან ოჯახის ინტერესის დონეზე არ უნდა დაიყვანონ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რა პოზიციაზე იყო 25 წლის წინ? პირადად ჩემს თავზე შემიძლია გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამებრძოლები ვიყავით, ერთი პერიოდი, ჩვენ დაპირისპირებულნიც გახლდით. თუმცა სამართლიანობის აღდგენით ისევე ვარ დაინტერესებული, როგორც ზვიად გამსახურდიას მოგვიანებითი პერიოდის მომხრეები. ამიტომ ფართო წრე უნდა ჩაერთოს ამ საქმიანობაში“, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
მისთვის, ასევე, გაუგებარია, რატომ ვერ მოახერხა კონსტანტინე გამსახურდიამ შევარდნაძის დაკითხვა, მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რომ კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში სწორედ ამ საქმის გამოსაძიებლად შევიდა. უფრო მეტიც, კონსტიტუცია და კანონები შეცვალეს იმისთვის, რომ კონსტანტინე გამსახურდია ყოფილიყო პარლამენტის წევრი. შესაბამისად, მას ყველანაირი შესაძლებლობა მიეცა და, ალბათ, ამ კუთხით უნდა მომხდარიყო უფრო მეტი აქტიურობა.
„რას ჰქვია ადამიანი არ მივიდა დაკითხვაზე? საქართველოს კანონმდებლობით, ეს საკითხი ცოტა უფრო პრინციპულად უნდა დასმულიყო. ედუარდ შევარდნაძე მთავარი ეჭვმიტანილია ამ საქმეში და მისი დაკითხვის გარანტიაც უნდა ყოფილიყო. თავის დროზე, მე პირდაპირ დავადე ხელი შევადნაძეს გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზებაში. დაკითხვაც მოვითხოვე, მაგრამ მაშინდელმა გამოძიებამ არ დამკითხა. დღესაც მივმართე პროკურატურას, მაგრამ მათაც თავი აარიდეს პასუხისგებლობას და გადაეფარნენ ედუარდ შევარდნაძეს და რუსეთის სპეცსამსახურებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველა ეს მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურის ორგანიზებით განხორციელდა. სააკაშვილი არ განსხვავდება მისი სულიერი მამის -შევადნაძისგან, შევარდნაძემ როგორიც გაზარდა და როგორიც მოიყვანა ხელისუფლებაში, ისეთია. სწორედ ასეთი რომ იყო სააკაშვილი, ამიტომაც მოიყვანა შევარდნაძემ ხელისუფლებაში, ამიტომაც იყო სააკაშვილი შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ლიდერი, რომ შევარდნაძის მსგავსად, სააკაშვილი ღირსებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან შორს იდგა“, – განმარტა მამუკა გიორგაძემ.
***