აბულაძე რატი, პროფესორი
კოღუაშვილი პაატა, პროფესორი
ბოლო ათწლეულში, ქართული საზოგადოების ინტერესის საგანი გახდა ელექტრონული მთავრობის სისტემა, რომელიც თითოეული მოქალაქის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია.
ელექტრონული მთავრობა მართვის თანამედროვე მეთოდია. იგი ყოველ მოქალაქეს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებლით უზრუნველყოფს.
მოცემული სტატიით წარმოჩენილია ელექტრონული მთავრობის სისტემის საჭიროება ქართულ საზოგადოებაში.
სახელმწიფოში გვაქვს ელექტრონული მთავრობის სისტემა, ინფრასტრუქტურა, ელექტრონული სერვისები, აპლიკაციები, გვყავს კადრები, აქტიურად მიდის ციფრული განვითარების პროცესები. აღმასრულებელი ორგანოების ძალისხმევით წარმოებს ელექტრონული მომსახურებების შექმნა და დანერგვა. ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებისათვის მუშავდება სახელმწიფო პროგრამები, ტარდება მარკეტინგული ღონისძიებები, უცხოელი ექსეპერტების მეშვეობით იქმნება საქართველოს ციფრული განვითარების სტრატეგიები.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოში ელექტრონული მთავრობის სისტემის დანერგვამ ხელი შეუწყო აღმასრულებელი ორგანოების პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების ზრდას. სახელმწიფოს მიზანი გახდა უსაფრთხო კიბერგარემოს შექმნა, მოქალაქეების უფლებების ზრდა, მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღიარებულია, რომ ქვეყანაში დანერგილია დემოკრატიის ხელშემწყობი ინსტრუმენტები და ფორმები, როგორიცაა: ელექტრონული მთავრობის მომსახურება, ელექტრონული კონსულტაცია, ონლაინ ბიუროკრატიული სერვისი, ინფორმაციული საზოგადოება, ინტერაქტიული ურთიერთქმედების აპლიკაციები, სამთავრობო მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი სერვისები და სხვა.
არსებითია, რომ ქვეყანაში იზრდება ინტერნეტის მომსახურებით დაკავებული ორგანიზაციების რაოდენობა, კავშირგაბმულობაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, კავშირგაბმულობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში, ინტერნეტ-პროვაიდერების შემოსავლები, ქვეყნის ელექტრონული მთავრობის განვითარების ინდექსი და რეიტინგი.
კვლევები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება ასაკის, სქესის, სოციალური კლასის თუ შემოსავლის მიუხედავად დაინტერესებულია ელექტრონული მთავრობის ინსტრუმენტებით, მომსახურების სისტემით, ელექტრონული მთავრობის ფასეულობითა და სარგებლით.
ელექტრონული მთავრობა, ქართულ საზოგადოებას სახელმწიფოს მომსახურებით სარგებლობის, ინფორმაციულობის, კომუნიკაციის, ტრანსაქციის, კომერციის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
მოქალაქეები აქტიურად იყენებს ელექტრონული მთავრობის მომსახურების მრავალფეროვან ფორმებს. მათ შორის: სატელეფონო კონტაქტები, სარეგისტრაციო მომსახურება, ინტერნეტ-მისამართები, ლინკები, მონაცემთა ბაზები, განცხადებების წარდგენის მომსახურება, სტატუსის შემოწმების მომსახურება, დოკუმენტაციის რეგისტრაციის მომსახურება და სხვა .
ჩატარებული მარკეტინგული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებაში მაღალია ნდობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წებ-საიტებისადმი. მოქალაქეებში უფრო პოპულარობით სარგებლობს სახელმწიფო სექტორის ელექტრონული მომსახურება, ვიდრე ბიზნეს სექტორის. მოქალაქეთა ნახევარი კარგ შეფასებას აძლევს საქართველოს ელექტრონული მთავრობის სარგებელს.
თეორიულად, ელექტრონული მთავრობის სისტემა თანაბრად სასარგებლოა, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე კერძო და სახელმწიფო სექტორისთვის. თუმცა, პრაქტიკულად, საქართველოში ელექტრონული მთავრობის დანერგვა უფრო ფასეულია სამთავრობო უწყებებისათვის, ვიდრე მოქალაქეებისათვის (ან ბიზნეს სექტორისათვის).
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილი მაღალ მოთხოვნებს უწესებს საქართველოს მთავრობას, რათა მიღწეული იქნას :
ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა (თუ არ ჩავთვლით ცალკეულ უწყებას);
სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებებისა და რეფორმების შედეგების შესახებ საზოგადოების სრული ინფორმირება;
თითოეული მოქალაქისათვის სამთავრობო სისტემასთან ადვილი კომუნიკაცია, ინტერაქტიულობა, მართვაში ჩართულობა;
სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ემიგრაციაში მყოფი პირების აქტიური ჩართვა;
ისეთი ფასეულობის დამკვიდრება, როდესაც საჯარო სამსახურში მუშაობა აღქმული იქნება, როგორც „სახელმწიფოს მშენებლობაში ჩართვის საშუალება“ და არა მხოლოდ დასაქმების ადგილი;
ისეთი გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკის წარმოება, როდესაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში, არსებითი ყურადღება ექცევა დოქტორის ხარისხის მქონე პირებს, მეცნიერ-მკვლევარებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს;
დემოკრატიული პროცესების ზრდა;
სახელმწიფო მომსახურების ძალისხმევის ფოკუსირება ყოველ მოქალაქეზე და არა ბიუროკრატიაზე;
სახელმწიფო სისტემის ღიაობა. ქვეყანაში შეუძლებელი არ იყოს სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობა, მმართველობაში ჩართულობა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მიწოდება, საზოგადოების მიერ სტრატეგიის შექმნა-განხილვაში მონაწილეობა;
ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც არაეფექტური მართვის, ქმედუუნარო მმართველობის, უშედეგო რეფორმის პრევენციის, კრიზისის მართვისა და გამოწვევებზე დროული რეაგირების შესაძლებლობის მომცემი იქნება;
პლატფორმის შექმნა, რომელიც შექმნის პირობას გამოვლინდეს მმართველის უნარი და პოტენციალი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის, ბიუჯეტის ზრდის, ახალი რესურსების წარმოჩენის, პროექტების ეფექტურად განხორციელების, შემოსავლების ზრდის, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, საზოგადოების კოორდინირების მიმართულებით.
ფაქტობრივად, საქართველოს ელექტრონული მთავრობის განვითარების ფონზე (რაც კარგად ჩანს რეიტინგებში), კომპლექსური სოციალური პრობლემებია: ციფრული უთანასწორობა, ტელეკომუნიკაციის მისაწვდომობა, კულტურული ცვლილებები, კომპიუტერის/ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ინტერნეტ-წიგნიერება, ახალგაზრდების პერმანენტული განვითარების პირობების არქონა და სხვა.
სამწუხაროდ, სახელმწიფო მიდგომები ადასტურებს, რომ ელექტრონული მთავრობის განვითარება ქვეყანაში სტრატეგიულ მიმართულებას არ წარმოადგენს. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის შემუშავებული არ არის სახელმწიფო დახმარების პროგრამა, რომელიც ოჯახებს კომპიუტერითა და ინტერნეტით აღჭურვის ხელშემწმყობი იქნება.
საქართველოში, ელექტრონული მთავრობის სისტემა მისაწვდომია უფრო თბილისის მაცხოვრებლებისთვის (რადგან თბილისში არის სწრაფი ინტერნეტი, კომპიუტერიზაციის მაღალი ტემპი, მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა), ვიდრე რეგიონის (რეგიონში არის ციფრული უთანასწორობა, დაბალი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ტელეკომუნიკაციის ცუდი ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის დაბალი სიჩქარე, დაბალი ინფორმაციულობა) მოსახლეობისათვის. იგი განპირობებულია სახელმწიფოს არაეფექტური ციფრული პოლიტიკის, სოციალური პროგრამების, მკაფიოდ გაწერილი სტრატეგიისა და გეგმების არარსებობით.
ელექტრონული მთავრობის შთამბეჭდავი რეიტინგების მიუხედავად, რთულია მოქალაქეებზე ორიენტირებული ელექტრონულ მთავრობაზე საუბარი, მისი სოციალ-ეკონომიკური შედეგების გაზომვა, ელექტრონული მთავრობის განვითარებისათვის საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა, ინფრასტრუქტურული საჭიროებების შეფასება და ა.შ.
საყურადღებოა, რომ ელექტრონული მთავრობის სისტემა არ გულისხმობს მხოლოდ ტექნოლოგიური რესურსების წარმოჩენას. იგი ქმნის პირობას, რათა წარმოჩინდეს ადამიანური რესურსი, ყურადღება გამახვილდეს მეცნიერ-მკვლევარის პოტენციალზე, სახელმწიფო მართვაში პროფესურის (აკადეიური სექტორის) ჩართულობაზე. სისტემა ყურადღებას ამახვილებს მეცნიერებაზე (მეცნიერის სტატუსის ამაღლებაზე), ინოვაციებზე, კვლევებზე, განათლებაზე, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებზე, მაღალ უთანასწორობაზე, სისტემურ რეფორმებზე, და ა.შ.
მოქალაქე არის მთავრობა და მთავრობა არის მოქალაქე. „მოქალაქეების კეთილდღეობა“ დამოკიდებულია ელექტრონული მთავრობის განვითარებულ სისტემაზე და მის კომპონენტებზე. შესაბამისად, მოქალაქე საჭიროებს:
ინსტიტუციურ ცვლილებებსა და მოდერნიზებულ ინფრასტრუქტურას;
მრავალფეროვან სამთავრობო სერვისებს, პროცესებსა და დანართებს;
ერთიან ეროვნულ პორტალს;
კომპიუტერიზაციას/ინტერნეტიზაციას;
მონაცემთა გადაცემისა და მიღების მოწყობილობების მისაწვდომობას;
Iთ მართვის პოლიტიკას;
აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ პასუხისმგებლობას, კვალიფიკაციას, განათლების ხარისხს, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას;
ნოვატორული აზროვნების მმართველობას.
დასასრულ. ელექტრონული მთავრობის განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ ინფრასტრუქტურას, პლატფორმას, ინტერნეტ-აპლიკაციებს, წებ-საიტებს, მომსახურების სახეებს. მოქალაქეებისთვის მნიშნელოვანია ისეთი სისტემა, რომელიც იქნება ცოდნის ზრდის, ინფორმაციულობის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობის, უსაფრთხოების, სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის, მომსახურების სწაფად მიღების, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და საზოგადოებრივი კაპიტალის შექმნის საშუალება.