“უნდა დამთავრდეს საქართველოში ბელადიზმის ეპოქა

giorgadze-1

ქვეყანას ისევ ივანიშვილი მართავს
შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა”  24.03.2014
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, რას იტყვით ინტერნეტით გავრცელებულ ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას კადრებთან დაკავშირებით და რას დაუკავშირებდით მაინცდამაინც ახლა ამ კადრების გავრცელებას? შეიძლება, კადრების გარცელებამ და მისმა თანმდევმა პროცესმა პოლიტიკური მოვლენები შეცვალოს?
_ რამდენად შეიძლება შეცვალოს, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ პლიტიკური სახის რაობაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პირველი: ეს კადრები, როგორც პროცესებში მონაწილე ადამიუანები ადასტურებენ, არსებობდა, ნანახი აქვთ, პროკურატურის მასალებში დევს და აქ რაიმე ახალი არაფერია. მაშინ, იბადება კითხვა, თუ ეს ფოტოები პროკურატურის მასალებში დევს, რატომ მკვიდრდება, რომ სადღაც, ვიღაცის გამოგონილი სახელით გავრცელდეს ინტერნეტში და შემდეგ გაიგოს ეს ფართო საზოგადოებამ? ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიება არ მიდის ჯანსაღი სამართლებრივი კუთხით, არამედ გარკვეული ემოციური ფონის შექმნა სჭირდება. რატომ სჭირდებათ ამ ემოციური ფონის შექმნა? ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად ჯანსარი პოლიტიკური ცხოვრება არ მიდის. პოლიტიკური კლანენი არა სამართლებრივი და პოლიტიკური, ძირითადი კრიტერიუმებით და პარამეტრებით ებრძვიან ერთმანეთს, ეკამათებიან, დიალოგში შედიან თუ წინააღმდეგობებში, არამედ ასეთი ემოციური ფონით. ეს ყოველივე კი იმაზე მეტყველებს, რომ ჯამში, დღევანდელი ხელისუფლება პრაქტიკულად იმავე სქემით მოქმედებს, როგორც ნაციონალური მოძრაობა მოქმედებდა. პრაქტიკულად ქვეყანაში მართვის ფორმების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. კვლავ ემოციური ფონი; კვლავ რაღაც განყენებულ თემებზე დავა და კამათი; კვლავ არეული სამართლებრივი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური თემები, თანაც ერთმანეთში არეული და ვიღებთ იმ სურათს, რაც გვაქვს. ამის მერე ყველას აქვს შესაძლებლობა, როგორც უნდა ისე გამოიყენოს ეს პროცესი. ვიღაცამ თქვას, რომ მებრძვიან, ვიღაცამ თავი გამარჯვებულად იგრძნოს, ვიღაცამ _ სუფთა პრინცად და, საბოლოო ჯამში, ჩვენ რეალური პოლიტიკური ცხოვრებიდან კვლავ და კვლავ სპექტაკლებში ვართ ჩართული; ძალაუფლების, ფულის, გავლენის გადანაწილების სპექტაკლებში და ხელიდან გვეცლება ის, რის გამოც თითქოს ყოველივე ამას ვაკეთებთ ქართული სახელმწიფო. აი, კიდევ ერთხელ გამოჩნდა დღეს, როდესაც ეს კადრები გავრცელდა, თუ რასთან გვაქვს საქმე, გამოჩნდა სახელმწიფოს რაობა. ახლა ის, რომ ეს იმიტომ გადაიფარა, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლამ იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა ხალხზე, რომ საჭირო იყო მისი გადაფარვა, თუ იმიტომ, რომ ეს ანგარიშსწორებაა ნაციონალების, იმიტომ, რომ თემები შემოაკლდათ და საჭიროა მუდმივი დაძაბულობის შექმნა, თუ რატომ და რისთვის, ეს უკვე სხვა საკითხია. მთავარი ის არის, რომ ქვეყანა კვლავ ასეთი სპექტაკლური, თუ შეიძლება ასე ითქვას, სატელევიზიო ფორმატით იმართება.
_ რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის იგივე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ ივანიშვილის მხრიდან გამოთქმული პირველი კრიტიკა და ღიად უკმაყოფილების დაფიქსირება. რას ნიშნავს ეს ყოველივე?
_ მოულოდნელი არაფერია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად პოლიტიკიდან თითქოსდა გამიჯნული ივანიშვილი მართავს სახელმწიფოს; რომ ის იღებს გადაწყვეტილებებს; რომ შეუძლია გაბრაზდეს, მოიწონოს, ეწყინოს გადაწყვეტილება მისგან დანიშნული პიროვნებისაგან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამაზე რეაგირება გააკეთოს და რაღაც კორექტივები შეიტანოს სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი, ეს თავისთავად არის კიდევ ერთი გამოხატულება, ხომ უნდა დამთავრდეს საქართველოში ბელადიზმის ეპოქა. შემდეგ გვიკვირს, რატომ გვიყურებს ასეთი კუთხით დასავლეთი, ჩვენ ხომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი ვართ. არა, ბატონებო, რომ ვართ, ეს ისტორიის შედეგია. მაგრამ, დღეს როგორ ვიქცევით?! აგერ ჩვენს თვალწინ, ეთერში, პრაქტიკულად დავამტკიცეთ ის, რომ საქართველო არის ველური ქვეყანა, რომელსაც ბელადი მართავს; ბელადი, რომელიც სადღაც კოშკში ზის, ჩაკეტილია და ათასში ერთხელ მიიღებს პრინციპულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები ედება საფუძვლად ქვეყნის იმ პერიოდის პოლიტიკას. ბუნებრივია, ამის გამო ჩვენ სოლიდურად არავინ შემოგვხედავს. არც ჩვენ უნდა დავიმშვიდოთ ამით თავი. არ შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს აგებული პოლიტიკური ცხოვრება. ხომ უნდა დამთავრდეს ეს საქართველოში. 25 წელია ერთიდაიმავე გზაზე მივდივართ. ერთი კაცის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღრავს, ვართ თუ არა ჩვენ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. ე.ი. თუ ამ ადამიანთან პიროვნულად კარგად ხარ, ხელისუფლებაში ხარ. თუ არა ხარ კარგად, ოპოზიციაში ხარ. ეს უნდა დამთავრდეს იმიტომ, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა.
_ რეალურად ივანიშვილმა მიანიშნა, რომ ის პრეზიდენტის შერჩევაში შეცდა, როცა მან თქვა, რომ მოულოდნელი იყო მისთვის მარგველაშვილის ასეთი ცვლილება.
_ თვითონ ის, რომ ძალაუფლების მპყრობელი ეს ერთი კაცი თავის შეფასებებს აკეთებს არა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით, რომ ესათუ ის პრინციპული საკითხი, პოლიტიკური საკითხი სწორად გადაწყდა თუ არა; არა პოლიტიკის მიხედვით კეთდება მისი შეფასებები, არამედ პიროვნულად ეწყინა თუ არ ეწყინა; ზრდილობიანად მოექცა თუ არა მას ვინმე _ ეს არის მთავარი პრობლემა. პრაქტიკულად, ერთ საათიან გადაცემაში პოლიტიკური პროცესის შესახებ ჩვენ შეფასება ვერ ვნახეთ. პოლიტიკური ორიენტაციის თემასთან დაკავშირებით; მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. სოფლის დონეზე პრაქტიკულად ჭორაობა მიდის, საუბარია, მე გუშინ წინ ეს მითხრა, შემდეგ ეს მითხრა. Dა არა ის, რომ პრინციპული შეფასება, გადაწყვეტილება მისცეს ამათუ იმ ქმედებას. მთელი უბედურება ის არის, რომ აი, ამ დონემდე დავდივართ. მეორე მომენტი: ბუნებრივია ეს ყველაფერი. ეს ხომ საბჭოთა სისტემაა. როდესაც ხრუშოვი თავში ურტყამდა ვირაც-ვიღაცეებს ხან რას, ხან რას, დადგა მომენტი, როდესაც შემდეგ ეს ხრუშოვი გაისტუმრეს პოლიტიკიდან. იგივე იმ ხალხმა, რომელსაც სტალინი ჩიბუხს ურტყამდა თავში, იმ ხალხმა მოუწყო მას შეთქმულება, აბა, სხვებს ეს ხელარეწიფებოდათ. ბუნებრივია, კაცი, რომელიც იძახის, რომ პლასტელინი ვარ, სადაც მიმაგდებ, იმ ფორმას მივიღებო, იმან მიიღო პრეზიდენტის კუთხეში ადგილი და მიიღო პრეზიდენტის ფორმა და კაცობს. ეს რომ ამ სისტემაში ბუნებრივია, გასაგებია. იმიტომ, რომ ამ ადამიანების ერთად ყოფნას არანაირი პრინციპული საფუძველი არ უდევს. `ოცნების~ კოალიციას არანაირი პრინციპული საფუძველი არ უდევს, გარდა სურვილისა, რომ იყვნენ ივანიშვილის გვერდით და ამით უზრუნველყონ თავისი ყოფნა ხელისუფლებაში, რაც პირდაპირ მიბმულია კომფორტთან. აი, ეს არის ყველაფერი და ბუნებრივია, თუ არ იქნება ივანიშვილი ამ კეთილდღეობის გარანტი, სხვანაირ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ეს ხომ სააკაშვილის დროსაც ხდებოდა და შევარდნაძის დროსაც. არაფერი შეცვლილა და რომ არ შეცვლილა საქართველოში არაფერი, ესაა უბედურება და ტრაგედია. ვილაპარაკოთ ახლა ჭორებზე, სოფელში მაჭავარიანმა რა აიშენა, იქ პრეზიდენტის სასახლის შენობაზე რა აზრის იყო მარგველაშვილი და ა.შ. ხოლო რაც შეეხება ცნობას, ბიძინა ივანიშვილი ხშირად საუბრობდა, რომ მისი ყველაზე დიდი კოზირი არის ადამიანების ცნობა. ფაქტია, პრეზიდენტმა არ გაუმართლა; დეპუტატების უმეტესობა ორი-სამი კაცის გარდა, მისგან ნდობას და პატივისცემას აღარ იმსახურებს; პროკურატურამ ამხელა ჩრდილი მიაყენა. მისგან პოლიტიკოსის ეტალონად გამოცხადებულმა პაატა ზაქარეიშვილმა, ლამის უკვე ჩააბარა რუსეთს აფხაზეთი. რატომღაც ვერ მოხვდა ივანიშვილის ყურადღების არეალში საკაშვილის მიერ შექმნილი ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და მისი ხელმძღვანელი, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მხრიდან მრავალმილიონიანი დაფინანსება აქვს ბიუჯეტიდან. ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ან შეგნებულად უშვებს იმ ადამიანებს წინა პლანზე, რომელთა ბედი ივანიშვილს არ აინტერესებს და მერე, როგორც თოჯინას, ისე მოისვრის, გალანძღავს და ა.შ; ანდა ასე ვთქვათ, ადამიანების ცნობა და პრინციპული პოლიტიკური პოზიციები არ არის მისი ყველაზე მთავარი თვისება. მეორეს მხრივ, არის კიდევ _ როგორც მიჩვეულია, ყველაფერს ბიზნესის კუთხით უყურებს. პოლიტიკა და სახელმწიფო ცხოვრება, ბიზნესი არ არის. შევხედოთ ამას ივანიშვილის ფსიქიკიდან: დაიქირავა ადამიანები, გადაუხადა ძალიან დიდი ფული და შემდეგ ეს ადამიანები ხანდახან, თავის ხასიათის თვისებებს ამჟღავნებენ. გაბრაზდება, აბა, არ გაბრაზდება?! მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ სახელმწიფიებრივად არის ეს დამღუპველი, თორემ მარგველაშვილს რაც გინდა, ის უქენი. მაშინ უნდა დაფიქრებულიყავი ამაზე, როდესაც ქართველი ერი დააშანტაჟე _ გინდა თუ არა, მარგველაშვილი აირჩიეთო. ახლა ვინ აგებს პასუხს?! ე.ი. ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ამ კრიტიკულ დღეებში, როდესაც ყირიმში ასეთი ამბები ხდება, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი ასეთი პიროვნება აღმოჩნდა. ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, როგორ უნდა ვიყოთ მშვიდად? ივანიშვილს შეიძლება აქვს თავისი დაცვის გარანტიები და მექანიზმები. მაგრამ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, როგორ უნდა ვიყოთ მშვიდად, როდესაც საქართველოს ასეთი მთავარსარდალი ყავს?! ვინც გვყავდა, ხომ გვახსოვს, რა დღეში ვიყავით და ახლა იმაზე უარესი მთავარსარდალი, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება; მთავარსარდალი, რომლის გამოსვლის დროს თვითონ მთავრობის წევრები არ მიდიან პარლამენტში. თვითონ მთავრობა და ხელისუფლება არ გამოხატავს მის მიმართ პატივისცემას. როგორ უნდა შემოგვხედოს მთელმა მსოფლიომ ჩვენ, როდესაც თვით ხელისუფლებაც კი, საკუთარ პრეზიდენტს ამრეზით უყურებს, შეურაცხყოფებს აყენებს და ა.შ. ეს ხომ გარეთ ჩანს. ამას ყველა ხედავს. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, ეს ხალხზე და ქვეყნის გარეთ, როგორ აისახება. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გვიყურებენ ასე, ველურებივით. ველურებივით ვიქცევით და ბუნებრივია, ასე შემოგვხედავენ. გასაგებია, მარგველაშვილი იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ მაშინ ჩვენც ვაგოთ პასუხი, ვინც მის გაპრეზიდენტებას ხელი შევუწყვეთ.
_ რატომ იმსახურებს მარგველაშვილი ამ კრიტიკას? მეორეც, ივანიშვილის განცხადებებმა გამოკვეთა, რომ მასსა და პრეზიდენტს შორის ვანო მაჭავარიანის დანიშვნის გამო სერიოზული დაპირისპირებაა?
_ მთელი უბედურება ისაა, რომ რა უნდოდა მაჭავარიანს ივანიშვილთან, რომელზედაც, როგორც თავად ივანიშვილმა თქვა, ბევრი დრო დაკარგა. რა უნდოდა ნაცმოძრაობის კადრებთან სასაუბროდ, როდესაც საქართველოში მრავალი იყო ისეთი ღირსეული კადრი, რომელიც გამოდგებოდა ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. რატომ ხარჯავდა ამ დროს მაჭავარიანთან ურთიერთობაზე ივანიშვილი? ჩემთვის ეს არის გაუგებარი. მეორე მომენტი: მაშინ, როდესაც თითქოს გაგანია დაპირისპირება იყო სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, მიდიოდა საუბარი, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, რომ ორი უნდა დავრჩეთ ერთმანეთთან საომრად, ამ დროს, თურმე ნიკა გილაური და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთთან კადრების საკითხს ათანხმებდნენ _ ვინ, რომელ ბანაკში იქნებოდა. კარგი, მაჭავარიანზე ვერ შეთანხმდნენ, როგორც ივანიშვილმა ბრძანა, მაგრამ რამდენი კადრია `ოცნებაში~ ისეთი, რომელზეც შეთანხმდნენ?! და როდის გავიგევთ ჩვენ ამას, როდესაც ივანიშვილი მათზე პიროვნულად გაბრაზდება?! ან როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია: თუ ივანიშვილი კმაყოფილია, ჩვენც კმაყოფილი ვიყოთ მისი ბრძნული გადაწყვეტილებებით და თუ ივანიშვილი გაბრაზდება, ჩვენც აღვშფოთდეთ, რას ქვია, მამა-მარჩენალი გაგვიბრაზეს?! როგორ წარმოუდგენია იმის შემდეგ, რაც მან მოყვა ამ ინტერვიუს დროს, სოფლის ორღობეში ჭორაობა. რაც მოყვა, თვითონ ამ პროცესში გილაურთან არკვევდა საკადრო საკითხებს. გილაურმა მითხრა, რომ მე წავიყვანო ვანო მაჭავარიანი თუ თქვენ დაიტოვებთო. ამაზე მეტი შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს, იმ ასიათასობით ქართველისთვის, რომელიც იდგა თბილისში და ელოდებოდა ტირანიის დამხობას და აგერ, თურმე, მიდის თბილი საუბრები გადანაწილებაზე პიროვნებების, კვოტების და ა.შ. სწორედ ესაა ტრაგედია ამ ქვეყნისთვის, რაც ჩემის აზრით, დაუშვებელია. სწორედ ამიტომ სრულებითაც არ მიკვირს ის თემა, რომ ასეთი ინტერვიუს მერე, ჟვანიას კადრები გამოქვეყნდეს, რომ როგორმე თემა გადაიფაროს. სრულებით არ მიკვირს ის პროცესი, რომელიც მიდის დღეს ქვეყანაში, როდესაც საყვედურობენ კულტურის მინისტრს. თურმე ოდიშარია იმიტომ არ არის კარგი მინისტრი, რომ მან პრინციპულად დროზე ვერ მიიღო საყდრისის, ამ უძველესი ოქროს მაღაროს დანგრევის გადაწყვეტილება. აი, ასეთი კრიტერიუმებით აფასებენ დღევანდელ დღეს და ეს ყველაფერი მძიმედ აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის ბედზე.

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress