- 18 მარტი 2014 16:39 NEWS.GE
“სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხემძღვანელის, გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით დედაქალაქში არსებული პრობლემების გაერთიანება თბილისის განვითარებას საფრთხეს უქმნის და ეს ან “უპასუხისმგებლო ხელისუფლების,” ან “თავგასული ბიზნესმენის კაიკაცობის შედეგია.”
“თბილისის მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობა, გაპარტახებული იპოდრომის ტერიტორია, მწვანე ნარგავების ბარბაროსული ჩეხა ასათიანის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში უმსგავს მონსტრად ქცეული აბრეშუმის ქარხანა, გაუქმებული ,,ლაგუნა ვერე”, უფუნქციო და მიგდებული მაუდის ფაბრიკა, დიღმის მეურნეობის მიტაცებულ-გაჩუქებული ნაკვეთები, და ა.შ. და ა.შ. – აი, ასეთი და სხვა მსგავსი პრობლემების ერთობლიობა უქმნის ჩვენი ქალაქის განვითარებას საფრთხეს და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა ან უპასუხისმგებლო ხელისუფლის, ან თავგასული ”ბიზნესმენის” კაიკაცობის შედეგია.
დღეს ამ პრობლემებს არაორგანიზებულ წინაამდეგობას უწევენ მოქალაქეთა პატარ-პატარა ჯგუფები, მაგრამ, მათი ძალისხმევა სულ ფუჭია – ”ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” პრინციპი ისევ მოქმედებაშია.
არადა, ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივზე მარტივია და ეს ხელეწიფება ხალხის (და არა პარტიული ბელადის) მოსამხახურე, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საკრებულოს რიგითი დეპუტატს, თავის ამომრჩევლებთან ერთად.
სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ასეთი ადამიანი არ არსებობს თბილისის საკრებულოში. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო თბილისელებს, რომ კარს მომდგარი თვითმართველობის არჩევნების წინ კარგად დაფიქრდნენ და ისე გააკეთონ თავიანთი არჩევანი; იაქტიურონ, წინ წამოწიონ ისეთი ადამიანები, ვისაც თვითონ ენდობიან და არა ისინი, ვის არჩევასაც სთავაზობს დღევანდელი თუ გუშინდელი ხელისუფალი; მოახერხონ თვითორგანიზება, აქტიურად ჩაებან მიმდინარე პროცესებში და თვითონ გამოჭედონ საკუთარი ქალაქის მომავალი!” – განაცხადა გოგი ლორთქიფანიძემ.